თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი ოფიციალურად გახსნა.
ახალი ტერმინალის ფართობი 12 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, ის აღჭურვილია 5 თვითმფრინავსა და 250 ავტომანქანაზე გათვლილი სადგომით, ჩასხდომა-გამოსვლის ორი დერეფნით, 105 მეტრი სიგრძის საბარგო კარუსელით.
„დაახლოებით ერთი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დაიწყო იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მგზავრთა ნაკადი და შეიძლება ითქვას, რომ ზრდის სისწრაფემ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ავიაციის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან სწორედ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი ტურიზმის შემდგომი განვითარების გარანტს წარმოადგენს.
ახალი ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და მისი ღირებულება 33 მილიონ დოლარს შეადგენს.
შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის რვა თვის განმავლობაში 2,1 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 43%-ით მეტია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე გადაყვანილი მგზავრების საერთო რაოდენობის 77% მოდის.