თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ჩინეთის ვიცე–პრემიერმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა გუო შენგკუნმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
დოკუმენტი ითვალისწინებს უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების ახალ დონეზე გასვლას.
"ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ეს არის ნამდვილად ისტორიული ფაქტი, რადგან დღემდე საქართველოს შსს–ს ჩინეთთან ამ კონტექსტში არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. მომავალში ვფიქრობთ ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას", – განაცხადა მღებრიშვილმა.
ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა მღებრიშვილს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზადაა. მას ასევე აღნიშნა, რომ იზიარებს ქართველი მინისტრის მოსაზრებას საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით ბრძოლის შესახებ.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა გუო შენგკუნს საქართველოს შს სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი ინოვაციური პროექტები გააცნო და შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ ისაუბრა.
გუო შენგკუნმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩინეთის მხარის ორგანიზებით, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის პეკინში დაგეგმილია სწავლება თემაზე — "კრიმინალისტიკა და საგამოძიებო მოქმედებები". საქართველოს შსს-ს თანამშრომლები ჩინეთში გამართულ ამ მასშტაბის სწავლებაში მონაწილეობას პირველად მიიღებენ.
მღებრიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ჩინეთში 24 სექტემბერს დაიწყო და 26 სექტემბერს დასრულდება.