თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. აჭარის რეგიონს მსხვილი ყაზახური ტურისტული კომპანიების მენეჯერები ესტუმრნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ინფოტურის ფარგლებში, იტყობინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პორტალი.
„ჩვენ ბოლო წლებია რეგიონს ყაზახეთში აქტიურ რეკლამირებას ვუწევთ. შესაბამისად, აჭარა მიმზიდველი ადგილი გახდა ყაზახი ტურისტებისა და ინვესტორებისთვის", — განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.
მისი თქმით, წლის დასაწყისში ყაზახეთში ბიზნეს-ტურისტული ფორუმიც ჩატარდა, სადაც რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს ყაზახი ბიზნესმენები და სექტორში დასაქმებული ორგანიზაციები გაეცნენ. ამას გარდა, აჭარა ყაზახეთის მსხვილ ქალაქებში კიდევ უფრო პოპულარული გახდა გარე რეკლამით, საბორტო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებით, რეიტინგულ და წამყვან ტელევიზიებში, ონლაინ–მედიაში აჭარის შესახებ გასული რეპორტაჟებით.
სტუმრებმა უკვე მოინახულეს ბათუმში მაღალი და საშუალობიუჯეტიანი სასტუმროები, სადაც ტურისტებისთვის მნიშვნელოვან სერვისებსა და თანამშრომლობის საკითხებს გაეცნენ.
ყაზახურ და ქართულ ტურისტულ სააგენტოებს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარების მიზნით სასტუმრო „ინტურისტში" მოეწყო ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართველმა და ყაზახმა კოლეგებმა კონკრეტული ტურისტული პაკეტების შემუშავებაზე ისაუბრეს. საქმიანი შეხვედრის დაწყებამდე კი მოეწყო აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია.
დღეს ინფოტურის მონაწილეები უკვე მთიან აჭარას ეწვევიან, სადაც რეგიონის ეკოტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან. ასევე მოინახულებენ ადგილობრივ ღვინის მარნებს, სადაც ფოლკლორის მოსმენისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების საშუალება მიეცემათ. ინფოტურის მონაწილეები რეგიონს ხვალ დატოვებენ.