ტურისტებში აჭარით დაინტერესება იზრდება

გამოწერა
იანვარ-ივნისში აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს 25 500-ზე მეტმა ვიზიტორმა მიაკითხა, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-ით მეტია.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2017 წლის ივნისში აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში უცხოელი ტურისტების მიმართვიანობა 15%-ით გაიზარდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, ივნისში ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით დაახლოებით 10 800 ვიზიტორმა ისარგებლა. ჯამში კი, იანვარ-ივნისში ცენტრებს 25 500-ზე მეტმა ვიზიტორმა მიაკითხა, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-ით მეტია.

„ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების უმრავლესობას ძირითადად პოლონელი, უკრაინელი, რუსი, თურქი და ისრაელელი ტურისტები წარმოადგენენ. ისინი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობებით და რეგიონში არსებული გასართობი ტურისტული ობიექტებით ინტერესდებიან. განსაკუთრებით, კი ყურადღებას მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე ამახვილებენ", — აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

აჭარაში ტურისტული სეზონის გახსნა ბათუმის სტუმრებისათვის გასართობი პროგრამით აღინიშნა - Sputnik საქართველო
საზაფხულო დასვენება აჭარაში: როგორ ხვდება ბათუმი სტუმრებს

სულ აჭარაში 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც ტურისტებსა და ვიზიტორებს აჭარის ტურისტული პროდუქტების, მთიანი აჭარის ტურების, გასართობი ტურისტული ობიექტებისა თუ ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. იქვე იყიდება ადგილობრივი პროდუქცია და სუვენირები.

საბაგიროსა და ბათუმის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრები 24 საათის განმავლობაში ემსახურება ვიზიტორებს. ცენტრებში მოქმედებს ცხელი ხაზიც +995 577 909 093.

საქართველოში ბოლო პერიოდში ტურისტული სეზონი დინამიურად ვითარდება — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი დამსვენებლების რიცხვი. ზაფხულის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარაზე მოდის.

 

ყველა ახალი ამბავი
0