თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო ბიზნეს–ფორუმი „იყიდე ქართული" 50-მდე ადგილობრივი მწარმოებლის სპონსორობით თბილისში 10 ოქტომბერს ჩატარდება, აცნობა „Sputnik–საქართველოს" ღონიძიების ინიციატორმა, მოძრაობა Kar.ge-ს დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ.
„იყიდე ქართული" უპრეცედენტო ღონისძიებაა, რომელიც ერთ სივრცეში შეკრებს 300-ზე მეტ ადამიანს – მწარმოებლებს, საცალო და საბითუმო სავაჭრო ცენტრებს, ქსელებს, მაღაზიებს, სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს, დისტრიბუტორებს, ლოგისტიკურ ცენტრებს, საბითუმო ბაზრობებს, სატრანსპორტო, საფოსტო, კურიერულ კომპანიებს, სერტიფიცირების მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, უცხოეთიდან ჩამოსულ ექსპორტიორებს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს საქართველოში, უცხოურ სავაჭრო პალატებს, სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ქართულ ბიზნეს–გაერთიანებებს, ბიზნეს–მედიას, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, აღნიშნა ტარიელ ზივზივაძემ.
ფორუმი გაიხსნება სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი". ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ნაწარმის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირებას.
„პირველ რიგში იმას ველოდები, რომ საჭირო ხალხი ერთმანეთს შეხვდება და საქმეზე ისაუბრებს. უმთავრესი არის კომუნიკაცია, კავშირები, რასაც, როგორც წესი, გარიგებები და შეთანხმებები მოჰყვება. ძალიან კონკრეტულ შედეგებს ველით. ცხადია, ეს იმ დღესვე არ მოხდება, მაგრამ ფორუმის შემდეგ დროთა განმავლობაში, ცხადია, მოსალოდნელია", — აღნიშნა ზივზივაძემ.
„იყიდე ქართულის" მხარდამჭერი არიან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEO) და გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU). ბიზნეს–ფორუმის საერთაშორისო პარტნიორია World-OKTA – Overseas Korean Trade Association–ის თბილისის ფილიალი, ღონისძიების გენერალური სპონსორი კი სს „რუსთავის აზოტია".