თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. 10 ოქტომბერს თბილისში, სასტუმროში — „Hotels & Preference Hualing Tbilisi“ „პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი — იყიდე ქართული“ გაიმართება, ნათქვამია მოძრაობა KAR.GE-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია მოძრაობა KAR.GE. მხარდამჭერები არიან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF) და ბიზნეს გაერთიანება – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA).
ფორუმი „იყიდე ქართული“ ერთ სივრცეში შეკრებს მწარმოებლებს, საცალო და საბითუმო სავაჭრო ცენტრებს, მაღაზიებს, სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს, დისტრიბუტორებს, ლოგისტიკურ ცენტრებს, საბითუმო ბაზრობებს, სატრანსპორტო, საფოსტო და კურიერულ კომპანიებს, სერტიფიცირების მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, უცხოეთიდან ჩამოსულ ექსპორტიორებს & buyer-ებს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს, ემიგრანტებსა და დიასპორული ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს საქართველოში, უცხოურ სავაჭრო პალატებს, სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, პროექტებს, ქართულ ბიზნეს გაერთიანებებს, ბიზნეს მედიას, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს და ა.შ.
ფორუმზე „იყიდე ქართული“ გაიმართება გამოსვლები, პანელური დისკუსიები და ქართული ხარისხიანი ნაწარმის დეგუსტაცია.
ფორუმის მიზანია საექსპორტო საქმიანობის გააქტიურება, მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შორის. კავშირების დამყარება და გარიგებების გაფორმების ხელშეწყობა. შიდა ბაზარზე ქართული წარმოების ხარისხიანი ნაწარმის სავაჭრო ქსელებში, სასტუმროებში, რესტორნებში და კაფეებში შეტანის, დისტრიბუციის, ლოგისტიკის, გაყიდვების, მარკეტინგის და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიანად დაძვრა. ასევე მაღალი კლასის ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიების დაფუძნება, რომელიც საკვანძო როლს შეასრულებს ხარისხიანი ქართული ნაწარმის შიდა ბაზარზე და ექსპორტზე გაყიდვების ზრდის საქმეში.