ფესტივალში 25 ქვეყანა მონაწილეობდა, რომლებმაც საკუთარი სტენდი წარმოადგინეს, მათ შორის იყო ქართული სტენდიც. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული მურაბებითა და მშრალი ხილით იყო წარმოდგენილი.
მთავარი ჯილდო — ოქროს გრან-პრი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ დამზადებულმა ალუბლის მურაბამ მოიპოვა. ჟიურის მოწონება მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის მიერ დამზადებულმა მოცვის და კაკლის მურაბებმაც დაიმსახურა. „sputnik-საქართველო“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელს, ნანა კალანდაძეს დაუკავშირდა, რომელიც ფესტივალის მიმდინარეობაზე და შედეგებზე გვესაუბრა.
— მონაწილეობა გვაქვს მიღებული სხვადასხვა სახის ფესტივალებზე, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ აზერბაიჯანში კონკრეტულად ამ ფესტივალში პირველად მივიღეთ მონაწილეობა. ფესტივალი ყოველ წელს ტარდება აზერბაიჯანში.
- რა პროდუქცია გქონდათ წარდგენილი ფესტივალზე?
— ქართულ მხარეს წარმოდგენილი ქონდა ათი სახეობის სხვადასხვა მურაბა, ასევე მშრალი ხილი და ცუკატი. პირველი ადგილი მოიპოვა ალუბლის მურაბამ, რომელიც ყურძნის კონცენტრანტზეა დამზადებული და არ შეიცავს შაქარს. სწორედ ამ განსხვავებული ტექნოლოგიისა და ამავე დროს გემოს თვისებების გამო აიღო პირველი ადგილი.
- ფესტივალზე წარდგენილი ალუბლის მურაბა როგორი გემოვნებით და შიგთავსით გამოირჩეოდა?
— ჩვეულებრივი შიგთავსით იყო, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, იყო განსხვავებული ტექნოლოგიით დამზადებული. მისი მიღება დიაბეტის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ.
- უცხო ქვეყნებმა რა პროდუქცია წარადგინეს? რომელი ქვეყნის ნაწარმმა მიიქცია თქვენი ყურადღება?
— ჩვენ უფრო ტრადიციული მურაბები ვქონდა გატანილი, ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო დამახასიათებელი, მაგალითად კაკლის, მოცვის მურაბა. სხვა ქვეყნებს ნივრის, ბადრიჯნის მურაბაც ჰქონდათ გამოტანილი. მექსიკამ წარადგინა ცხარე მურაბები. ეს იყო მათი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ტიპის მურაბები.
- ამ ფესტივალზე გამარჯვება რაიმე პრივილეგიას ანიჭებს ქართულ პროდუქციას უცხოურ ბაზარზე?
— როგორც იცით, ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. ჩვენ მურაბას და სხვა პროდუქციას არ ვაწარმოებთ. აქ ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ სხვა კერძო კომპანიებმა ეს ტექნოლოგიები აითვისონ. ამ შემთხვევაში, თუ საქართველოში მოქმედ კომპანიას დააინტერესებს ეს ახალი ტექნოლოგიები, ცენტრი აუცილებლად მიაწვდის ინფორმაციას და მოხდება ამ ტექნოლოგიებზე გადასვლა.
უცხოეთი ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ტექნოლოგიებით დაინტერესდეს, თუ როგორ მზადდება მურაბა ყურძნის კონცენტრანტზე, რა მეთოდებით და მოხდეს ტექნოლოგიების გაცვლა-გამოცვლა.
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მეღვინეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის მეცნიერ-თანამშრომელს, ირმა ხორავას, რომელიც პირადად იმყოფებოდა აზერბაიჯანში ფესტივალზე.
- ფესტივალის ფარგლებში რა საინტერესო სიახლეები აღმოაჩინეთ, რომლის დანერგვასაც ისურვებდით საქართველოში?
— ფესტივალზე თვითონ აზერბაიჯანელებს გამოტანილი ჰქონდათ მრავალფეროვანი მურაბები. დაუმუშავებელი თხილი ედოთ თაფლში, ეს იყო ჩვენი გოზინაყის ალტერნატივა, ოღონდ დაკონსერვებული სხვადასხვა თხილის სახეობებით. ვიზუალურადაც ძალიან ლამაზად იყო გაფორმებული. ძალიან საინტერესო იყო ირანის მურაბები, რომლებიც ჩვენთვის არატრადიციულია. იყო შაქრიანი, მაგრამ მწარე სპეციფიკური გემოს მქონე მურაბები. ჩვენთან ამას უფრო საწებელის სახით იყენებენ და არა როგორც მურაბას. დარწმუნებული ვარ, ისინი თავადაც ასე მოიხმარენ, მაგრამ ფესტივალზე ერქვა მურაბა, რადგან დამუშავებული იყო, როგორც მურაბა.
- მონაწილეებს შორის რომელ ქვეყანას გამოყოფდით?
— გამოვყოფდი ირანელებისა და მექსიკელების მურაბებს, ასევე რუსებს ჰქონდათ წარმოდგენილი კედრის მურაბა წიწაკაში. მათ მურაბისთვის არჩეული ჰქონდათ არატრადიციული ნედლეული და შესაბამისად პროდუქტიც იყო სრულიად უცხო და განსხვავებული გემოვნური თვისებების მქონე.
- რამდენად საამაყო იყო თქვენთვის ეს გამარჯვება?
— გავიმარჯვეთ 25 ქვეყანას შორის. ეს ძალიან საამაყო იყო. ჩვენ ვიყავით ერთადერთი წარმომადგენლები, რომლებმაც სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიით დამზადებული მურაბა წარვადგინეთ. მურაბა იყო დაბალკალორიული, უშაქრო და სრულიად უვნებელი. ამავე დროს, ჟიურის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ალუბლის მურაბის განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებზე და აღნიშნეს, რომ იგრძნობოდა ხილის ნედლი გემო და არ იყო დაკარგული ხილის იდენტობა.
„კულინარიის საერთაშორისო ფესტივალი“ აზერბაიჯანის ეროვნული კულინარიული ასოციაციის მხარდაჭერით აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.