თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ოზურგეთის #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ღამით შეჭრა მოხდა, იუწყება ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო).
ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო კომისიის შენობაში შემტვრეულია კარები, დაზიანებულია ინვენტარი და კედლიდან ჩამოხეულია ამომრჩეველთა სია. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა, ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.
ცესკოც განცხადებით, მომხდარი ინციდენტი კომისიის მუშაობაზე გავლენას არ იქონიებს და კომისიას ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ხელახლა გაეგზავნება.
"ზემოაღნიშნული ინციდენტი არ იქონიებს ზეგავლენას საუბნო საარჩევნო კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაზე; დაზიანებული კედლის სია განკუთვნილია ამომრჩევლებისთვის, რომ მათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ; საარჩევნო ადმინისტრაცია უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიის ხელახლა განთავსებას კომისიაში და მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას", — ნათქვამია განცხადებაში.
ცესკო აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინ გარდაბნის ერთ-ერთ საუბნო საარჩევნო კომისიაშიც დაფიქსირდა.
აღნიშნულ ინციდენტებთან დაკავშირებით ცესკომ საკუთარი პოზიცია გამოხატა.
"საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია ასეთი ძალადობრივი ქმედებები და იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული ინციდენტები წარმოადგენს იზოლირებულ, დაუგეგმავ ერთეულ შემთხვევებს და არ მიიღებს საარჩევნო პროცესის დამაზიანებელ სისტემურ ხასიათს", — აცხადებს ცესკო.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.