თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. გამოჩენილი საოპერო მომღერალი და პედაგოგი ზურაბ სოტკილავა თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე, ეკლსიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკრძალეს — საქართველოში დაკრძალვა არტისტის უკანასკნელი თხოვნა იყო.
სსრკ-ისა და საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტი, დიდი თეატრის სოლისტი ზურაბ სოტკილავა 18 სექტემბერს 80 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა.
სოტკილავას ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში სამძიმრებს იღებდნენ. შენობაში დაბალ ხმაზე ისმოდა სოტკილავას შესრულებით მუსიკალური ნაწარმოები, შესასვლელში მომღერლისა და მისი კოლეგების სურათები იყო გამოფენილი.
ცერემონიაზე სოტკილავას ანდერძით სვანური სამგლოვიარო კომპოზიცია „ზარი" გაისმა.
მასთან დასამშვიდობებლად მივიდნენ მისი ახლობლები, კოლეგები, ცნობილი ქართველი მსახიობები და მომღერლები, ოპოზიციონერები, დეპუტატები, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ქალაქის მერი დავით ნარმანია, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
„ზურაბ სოტკილავას გარდაცვალებით ჩვენმა საზოგადოებამ, ქართულმა კულტურამ დაკარგა არამხოლოდ მსოფლიო დონის ტენორი, არამედ გამორჩეული ადამიანი და მოქალაქე. საოპერო არიების მისმა დაუვიწყარმა შესრულებამ ის მართლაც მსოფლიო დონის ვარსკვლავად აქცია", — აღნიშნა გიორგაძემ.
„ეს იყო უდიდესი პიროვნება, დიდი ხელოვანი. საქართველოს საოპერო ხელოვნებამ, და მე ვიტყოდი, მსოფლიო საოპერო ხელოვნებამ დიდი დანაკლისი განიცადა — მას მოაკლდა მისი ბრწყინვალე, ზეციური, საოცრად ჟღერადი ტენორი, მისი უდიდესი გული და დიდი არტისტიზმი", — განაცხადა ოპერის მომღერალმა ლადო ათანელმა.
„ძალიან სევდიანი დღეა მთელი საქართველოსთვის, მუსიკისთვის. არამარტო მომღერლებისთვის და ოპერისთვის, მთელი მუსიკალური საზოგადოებისთვის, მათ შორის ჩემთვისაც. ზურაბთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, ეს დიდი დანაკლისია ჩვენი კულტურისთვის", — აღნიშნა პიანისტამ ალექსანდრე თორაძემ.
„ბედნიერი ვიყავი ის 23 წელი, რაც მე დიდ ტეატრში გავატარე. ბატონი ზურაბი მოღვაწეობდა და მისი ვარსკვლავი კაშკაშებდა სცენაზე, არამარტო დიდ თეატრში, მთელ მსოფლიოში. ბოლო დროს უნდოდა გაეკეთებინა „ოტელო": მას უნდა ემღერა, მე უნდა მეცეკვა დეზდემონა. ამ ჩანაფიქრზე სულ ვხუმრობდით და რატომღაც ვერ განვახორციელეთ. ძალიან გული დამწყდა, როდესაც გავიგე, რომ ყველაფერი უკვე გვიანი არის", — გამოტყდა პრიმა-ბალერინამ ნინო ანანიაშვილმა.
ზურაბ სოტკილავა სამშობლოში მოსკოვიდან 21 სექტემბერს ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არტისტის ცხედარს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი საპატიო ყარაული დახვდა. ცერემონიაზე ცოცხალი შესრულებით ქართული სიმღერები ჟღერდა.
სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს სოხუმში დაიბადა.
1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 წელს კი თბილისის კონსერვატორია. სტაჟირება "ლა სკალაში" გაიარა, სადაც მოამზადა ჰერცოგის პარტია ვერდის "რიგოლეტოდან", ხოსეს პარტია ბიზეს ""არმენიდან", ტურიდუს პარტია მასკანის "სოფლის პატიოსნებიდან".
1970 წელს ზურაბ სოტკილავა და ელენა ობრაზცოვა პირველი საბჭოთა მომღერლები გახდნენ, რომლებიც ბარსელონაში ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე გამოვიდნენ. ორივე შემსრულებელმა ოქროს მედალი დაიმსახურა და ესპანეთში დარჩენის შეთავაზებაც მიიღეს.
იმავე წელს სოტკილავამ ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე მოსკოვში მეორე პრემია მიიღო. ტენორის დებიუტი დიდ თეატრში 1973 წელს შედგა. სოტკილავამ ხოსეს პარტია იმღერა. 1974 წელს ის თეატრის საოპერო დასის წევრი გახდა. 1976–1988 წლებში მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, 2002 წელს კვლავ განაახლა პედაგოგიური მოღვაწეობა მოსკოვის კონსერვატორიაში.