თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. კოლხეთის ეროვნულ პარკში 6-8 ოქტომბერს, 13-17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ეკო-ბანაკი მოეწყობა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბანაკის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებში ეკოცნობიერების ამაღლებას.
ბანაკის მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში შეისწავლიან კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას და საველე აქტივობებს, რომლებიც უკავშირდება ბუნებაში თვითდამკვიდრებისა და თვითგადარჩენისთვის საჭირო უნარებს. ისინი ასევე შეისწავლიან საჭმლის მომზადებას საველე პირობებში, ლიდერობასა და გადაწყვეტილების მიღებას, ისწავლიან პირველადი დახმარების აღმოჩენას.
ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული კურსი ველურ ბუნებაში ფოტოგრაფირების შესახებ.
კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი.
ეროვნული პარკის უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის — ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის, სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.
კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ტურისტებს პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.