თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. შაბათს, 23 სექტემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოჩენილ საოპერო მომღერალთან, ზურაბ სოტკილავასთან გამოთხოვების ცერემონია იმართება, სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დაესწრო.
პანაშვიდი შაბათს დილით თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის წითელ დარბაზში დაიწყო. სავარაუდოდ, დაკრძალვის ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება. ზურაბ სოტკილავას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, დიდი თეატრის სოლისტი ზურაბ სოტკილავა ორშაბათს, 18 სექტემბერს მოსკოვში 80 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ზურაბ სოტკილავა სამშობლოში მოსკოვიდან 21 სექტემბერს ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არტისტის ცხედარს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი საპატიო ყარაული დახვდა.
სამოქალაქო პანაშვიდს თბილისის მერი დავით ნარმანია, საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრნენ.