თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველო ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე-ქვეყანა გახდა.
სამდივნოს სხდომა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იღებდა მონაწილეობას, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა.
კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარეობა საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ინოვაციური დაფინანსებისკენ მიმართულ გლობალურ საქმიანობაში, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ დიდ იმედებს ვუკავშირებთ ამ ახალ როლს. ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ გაეროსთან, მთავრობებთან, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ერთად ჩვენ შევძლებთ გლობალური მოქმედების გააქტიურებას", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილმა ინოვაციური დაფინანსების წარმატებულ მაგალითად დაასახელა საქართველოს სოლიდარობის ფონდი — ინოვაციური დაფინანსების და მიკრო-ფილანთროპიის ინტეგრირებული პლატფორმა, რომელმაც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის მიზნის გარშემო 60 ათასზე მეტი საჯარო მოხელე და 50 კომპანია გააერთიანა.
საქართველოს, როგორც სამდივნოს თავმჯდომარეს, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის" თანადამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ჯაში წარმოადგენს. იგი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობს.
მაღალი დონის ღონისძიება „ინოვაციური დაფინანსების განმტკიცება 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებისთვის" საფრანგეთისა და ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის მუდმივი სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა.
„საქართველოს სოლიდარობის ფონდი" 2014 წლის ივნისში საქართველოს ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა. ფონდი მიზნად ისახავს არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზაციას პრიორიტეტული სოციალური საჭიროებებისათვის საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახებისათვის.
2017 წლის ივნისის მონაცემებით, „სოლიდარობის ფონდს" მხარს უჭერს 700 სახელმწიფო უწყების 60 ათასზე მეტი თანამშრომელი, 70 ორგანიზაცია და 53 სტუდენტური თვითმმართველობა. სწორედ მათი წყალობით ფონდმა შეძლო 10 მილიონი ლარის შეგროვება და დააფინანსა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობა.
ამჟამად „სოლიდარობის ფონდს" მხარს უჭერს სახელმწიფო 700 უწყების 60 ათასზე მეტი თანამშრომელი, 70 ორგანიზაცია და 53 სტუდენტური თვითმმართველობა. სწორედ მათი წყალობით ფონდმა შეძლო 10 მილიონი ლარის შეგროვება და დააფინანსა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობა.
„საქართველოს სოლიდარობის ფონდის" წყალობით, მისი დაარსებიდან სამი წლის განმავლობაში 22 წლამდე 400 ადამიანის უფასო დიაგნოსტიკა და მკურნალობა მოხერხდა.