თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" წყალობით, მისი დაარსებიდან სამი წლის განმავლობაში 22 წლამდე 400 ადამიანის უფასო დიაგნოსტიკა და მკურნალობა მოხერხდა.
"საქართველოს სოლიდარობის ფონდმა" გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა, რომლის პრეზენტაციასაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.
მთავრობის მეთაურმა შეაფასა ფონდის საქმიანობა და თითოეულ ადამიანს, რომელმაც ადამიანების გადასარჩენად, მათი მკურნალობისთვის სახსრები გამოყო, მადლობა გადაუხადა. კვირიკაშვილის განცხადებით. "საქართველოს სოლიდარობის ფონდმა" ადამიანების დახმარებისთვის მოქალაქეთა გაერთიანების უპრეცედენტო გამოცდილება შექმნა.
"ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს, როდესაც ცა ჩამოიქცევა, სტიქიური უბედურება დაგვატყდება ან დიდი ტრაგედია მოხდება, შეგვიყვარდეს ერთმანეთი, გავერთიანდეთ და უპრეცედენტო სოლიდარობის გრძნობით აღვივსოთ. სოლიდარობის ფონდი სრულიად სხვა პრეცედენტს ქმნის. როდესაც ცა ჩამოიქცევა ერთ კონკრეტულ ოჯახში, ერთი რომელიმე ბავშვის თავს, ჩვენ ამ დროს ვერთიანდებით და ვეხმარებით ასეთ ოჯახს", – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, სწორედ ამ ტიპის სოლიდარობაზე ჩამოყალიბდა საზოგადოება, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი.
კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც ამ ფონდის შექმნის იდეა ეკუთვნის, ასევე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშს, რომელიც ფონდის გვერდით იდგა მისი დაარსებიდანვე და მის მხარდაჭერას განაგრძობს. მთავრობის მეთაურმა მადლიერება გამოხატა ასევე კერძო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ფონდს და მადლობა უთხრა სახელმწიფო მოხელეებსაც, რომლებიც "სოლიდარობის ფონდში" ხელფასიდან ყოველთვიურად რიცხავენ თანხას.
პრემიერ–მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ფონდის საქმიანობა მოქალაქეების ძალისხმევისა და სოლიდარობის მეშვეობით კიდევ უფრო გაიზრდება.
ამჟამად "სოლიდარობის ფონდს" მხარს უჭერს სახელმწიფო 700 უწყების 60 ათასზე მეტი თანამშრომელი, 70 ორგანიზაცია და 53 სტუდენტური თვითმმართველობა. სწორედ მათი წყალობით ფონდმა შეძლო 10 მილიონი ლარის შეგროვება და დააფინანსა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობა.
"სოლიდარობის ფონდი" 2014 წლის 9 ივნისს, იმ დროს საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა.