თბილისი, 30 ნოემბერი– Sputnik. საქართველოში 2017 წელს კიბოს უმძიმესი ფორმით — სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო-სასტუმრო სახლის მშენებლობა იწყება.
პროექტის განხორციელების ინიციატივა „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს” ეკუთვნის, რომლის ბენეფიციართა ძირითად ნაწილს „სოლიდარობის ფონდი“ აფინანსებს.
პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
„ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც შეუძლია ამ საქმეს შეეწიოს, ეს უნდა გააკეთოს, რადგან ეს ჩვენი მოვალეობაა ღმერთის, ქვეყნისა და ჩვენი ბავშვების წინაშე. ეს გამოწვევა თუ პრობლემა შეიძლება ნებისმიერს ეწვიოს. ჩვენ ამ მომენტში უნდა გავამაგროთ ერთმანეთი, გვერდში დავუდგეთ და გადავატანინოთ ის პრობლემა, რომელიც, შესაძლებელია, მოგვარდეს. დანარჩენი უკვე ღვთის ნებაა", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობა 2017 წლის აპრილში დაიწყება და 2018 წლის ოქტომბერში დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახის წევრები სრულიად უფასოდ სარეაბილიტაციო მომსახურებას მიიღებენ.
სარეაბილიტაციო სახლი ერთდროულად 20 ბავშვსა და მათ მშობლებს მიიღებს. ასევე იმუშავებს დღის ცენტრი, სადაც 50 ბავშვი და მათი მშობლები დღის განმავლობაში საჭირო სერვისებს მიიღებენ.