თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვანცა ყუფარაძის დაკავების პროცესში და მისი პატიმრობაში ყოფნისას დარღვევები ვერ აღმოაჩინა, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დაკავების მომენტში ყუფარაძე 14 წლის იყო, მას თანაკლასელის განზრახ მკვლეოობის მცდელობა ედებოდა ბრალად. ყუფარაძეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ხუთი წლით პირობითი სასჯელი მიესაჯა. 2011 წელს ის გათავისუფლდა.
ყუფარაძე ამტკიცებდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (არადაამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა), მე-6 მუხლის პირველი და მესამე პარაგრაფი (სამართლიანი სასამართლოს უფლება და მოწმეების გამოძახებისა და დაკითხვის უფლება)და მე-6 მუხლის 1 პუნქტი (სასამართლო განხილვაზე დასწრების უფლება).
ევროსასამართლომ ევროკონვენციის ვერც ერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა. ყუფარაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
„მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემი უდანაშაულობა დამემტკიცებინა, ევროპულმა სასამართლომ კი — ყველაფერს ხაზი გადაუსვა“, — განაცხადა ყუფარაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ მას იმედი გაუცრუა. „მე ვბედავ და არ ვენდობი საქართველოს არც ერთი ინსტანციის გადაწყვეტილებას და არ ვენდობი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას“, — აცხადებს გვანცა ყუფარაძე.
გვანცა ყუფარაძის საქმე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე იყო. ხელისუფლებას მოზარდის მიმართ ზედმეტად მკაცრი განაჩენის გამოტანაში ადანაშაულებდნენ.