თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ინდოეთიდან 23 სექტემბერს ექვსი თვით ჩამოიტანენ.
ამის შესახებ ცნობილი გახდა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებულ საზეიმო წირვაზე, რომელიც წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
თბილისის აეროპორტიდან სიწმინდეებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გადააბრძანებენ. იქიდან წმინდა ნაწილებს გადაასვენებენ სამებაში, სადაც პარაკლისი ჩატარდება. მრევლს საშუალება ექნება ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ემთხვიოს.
ორშაბათს, 25 სექტემბერს, სიწმინდეს ალავერდის საკათედრო ტაზარში დაასვენებენ, რათა 26 სექტემბერს, ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს, მორწმუნეებმა ილოცონ და წმინდა ნაწილებს თაყვანი სცენ.
საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ტრანსპორტირებას, გამოფენების მოწყობასა და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ.
ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1614 წელს მეფე თეიმურაზმა შაჰ-აბასის მოთხოვნით მას მძევლად გაუგზავნა უმცროს ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად. სპარსეთში ქეთევან დედოფალს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც დედოფალმა უარი თქვა. ამიტომ ის 1624 წელს ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს.
დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე ვატიკანში და ბელგიაში. გოაში მდებარე მონასტერი მე-19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები სხვადასხვა დროს ინდოეთში ეძებდნენ.
2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY გაავრცელა კვლევა, რომელშიც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.