თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. კახეთში ქართველმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მეფე კვირიკე III-ს საფლავი. დიდი კვირიკე III მეფობდა XI საუკუნეში, მან გაერთიანებული კახეთ-ჰერეთის მეფის ტიტული მიიღო.
საფლავი ნაპოვნია გურჯანის რაიონის სოფელ კალაურში.
აღმოჩენის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა საზოგადოება „ჩოხოსნების" წევრმა და რუსთავის საკრებულოს დეპუტატმა ზვიად სეხნიაშვილმა.
მისი თქმით, საფლავი აღმოჩენილია ილია ნათლიმცემლის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის მარჯვენა ეკვდერის რესტავრაციისა და გაწმენდის პროცესში, რომელსაც მამა ილია (ჯანიაშვილი) ხელძღვანელობს.
როგორც აღნიშნულია, საფლავი დათარიღებულია XI საუკუნით, მასზე დატანილია წარწერა „რანთა და კახთა მეფე"
„არქეოლოგების და სპეციალისტების დასკვნით სამარე წარმოადგენს კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III —ის განსასვენებელს, რომელიც მეფობდა 1010-1037 წლებში. მისი მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული", — წერს სეხნიაშვილი.