პრეზიდენტმა „სილიკონ ველი თბილისი“ დაათვალიერა

© photo: courtesy of Giorgi Margvelashvili„სილიკონ ველი თბილისი“
„სილიკონ ველი თბილისი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პირველი მაღალტექნოლოგიური ცენტრი სასწავლო დაწესებულებებსა და კვლევით ცენტრებს აერთიანებს

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის „სილიკონ ველი თბილისის" ახალი სამუშაო სივრცე გახსნა, ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში რექტორი მიხეილ ბატიაშვილი მიესალმა პრეზიდენტს. მან აღნიშნა, რომ "სილიკონ ველი თბილისი" პარტნიორებთან, რომელთა შორის არიან NASA, NATO, IBM და HP, უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას გეგმავს, როგორიცაა: ქართული ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური რეალობა განათლებაში, კოსმოსის ათვისების გლობალური პროგრამა.

საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც "სილიკონ ველი თბილისის" მიერ განხორციელებულ გლობალურ პროექტებში ჩაერთვებიან.

ზაზა ლომიძე - Sputnik საქართველო
რევოლუცია 3D ტექნოლოგიებში - ქართველი ინჟინრის გამოგონება

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს ახალი შესაძლებლობები ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანამ კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი გააკეთოს, რადგან საქართველო პატარა სახელმწიფოა და მისი იდენტიფიკაცია მსოფლიო რუკაზე სწორედ გამორჩეული ადამიანების ხარჯზე ხდება.

„არასდროს არ შეგეშინდეთ იყოთ აბსოლუტურად, რადიკალურად განსხვავებული ხედვების შემომტანი, არასდროს არ შეგეშინდეთ იყოთ კლიშეების დამგრევი, არასდროს არ შეგეშინდეთ უცნაური და არაორდინალური აზრის გამოთქმა. სწორედ ამ არაორდინალური შეხედულებების, არასტანდარტული ხედვის შედეგად იქმნება ახალი", — აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი "სილიკონ ველი თბილისი" გასული წლის სექტემბერში გაიხსნა. ის ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, IT-აკადემიას, სკოლას, ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრსა და ტექნოლოგიურ ინკუბატორებს.

„სილიკონის ველში" სწავლის დუალური მოდელი მოქმედებს, რომელიც სწავლის პარალელურად დასაქმებასაც გულისხმობს. ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებსა და მწარმოებლებს აქ ბიზნეს-იდეების განვითარებისა და ტექნოლოგიური უნარების გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ.

ახალი პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ საქართველო თანდათანობით ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0