ქალბატონი ლია მესხეთის თეატრში იმ დროს მივიდა, როცა ამ კუთხეში ქართულმა თეატრმა აღორძინება დაიწყო. დღეს იგი ამ ისტორიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და პოპულარულ ქართულ სერიალებში სახასიათო როლებზე ხშირად იწვევენ. ჩვენ დავუკავშირდით მას და ვთხოვეთ თეატრისთვის მნიშვნელოვანი მომენტები და სამსახიობო ცხოვრების დასამახსოვრებელი ეპიზოდები გაეხსენებინა.
- ქალბატონო ლია, როცა 60-იან წლებში მესხეთის აღორძინება დაიწყო, ამაში დიდი როლი ქართულმა თეატრმა შეასრულა, იმ დროს თქვენც თეატრის სათავეებთან იყავით…
— დიახ, 1967 წელს მესხეთში ქართული თეატრის აღორძინება დაიწყო და თეატრს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა. მაშინ 17 კაციანი ჯგუფი მესხეთში გამოგვიშვეს და დაიწყო ჩვენი „უმოწყალო“ შრომა… სეზონზე თითქმის ყველა სპექტაკლში ვთამაშობდი, ისეთი დაკავებული ვიყავი, რომ თავგზა მქონდა არეული, მსახიობები ახალგაზრდები ვიყავით და თეატრიდან თითქმის არ გავდიოდით. ამას მაყურებლის აღიარება და სიყვარული მოჰყვა. არც მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა გვაკლდა. ამ ყველაფერმა მესხეთში დამამკვიდრა, თუმცა მარჯანიშვილის თეატრიდან ორჯერ და სხვა თეატრებიდანაც არა ერთი მოწვევა მქონდა, მაგრამ ვერ შევძელი, ვერ დავუსხლტი იმ არტახებს, რასაც მოვალეობა და სიყვარული ჰქვია. მთელი ჩემი ცხოვრება ამ თეატრში გავატარე და დღესაც აქ ვარ.
- მესხეთის თეატრმა მაშინ აქ ქართული სული გადაარჩინა…
— იცით, რა არის, თეატრმა მარტო ქართული სულის გადარჩენაში კი არა, ზოგადად ამ კუთხეში მაყურებლის ესთეტიური გემოვნების ჩამოყალიბებაშიც დიდი როლი ითამაშა. მთელი გულით შევიყვარე ეს მხარე და აქედან წასვლაც მეძნელებოდა… ასე დავრჩი ამ უძველეს ძირძველ ქართულ, მესხურ მიწაზე, სადაც ყველაფერი მიყვარს: ჩემი მაყურებელი, ჩემი ქალაქი, კლდე, ქვა, მდინარე, ქუჩები, მთა —აქ ყველაფერი მშობლიური და ახლობელია. რომ არა ეს სიყვარული, აქ ვერავინ გამაჩერებდა, მით უმეტეს, რომ ამ კუთხეში ნათესავი და მოგვარე არავინ მყოლია.
-ქალბატონო ლია, რეჟისორმა მალხაზ ასლამაზიშვილმა თავის სპექტაკლში “საეჭვო პიროვნება“ სპეციალურად თქვენთვის სამწუთიანი როლი დაამატა და თქვენმა გმირმა დარბაზის ოვაცია გამოიწვია..
— დიახ, ეს იყო ბრანისლავ ნუშიჩის პიესა „საეჭვო პიროვნება“, რომლის თარგმანიც თავად რეჟისორს ეკუთვნის. პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. თავიდან ეს როლი მართლა არ იყო. სპექტაკლის აფიშა უკვე დაზუსტებული იყო და ყველა როლი განაწილებული, ამიტომ ვერც წარმომედგინა, რომ რეჟისორი ამ სპექტაკლში სპეციალურად ჩემთვის რაიმეს მოიფიქრებდა… როცა დამლაგებლის სახასიათო როლი შემომთავაზა, თავდაპირველად ხუმრობად მივიღე, მაგრამ არ მომეშვა, მარწმუნებდა, რომ ეს უბრალო დამლაგებელი არ არის, მას ხალათის შიგნით “პაგონებიც“, ანუ წოდებაც აქვსო და ასე შემდეგ. ფრაგმენტული როლია და ვუთხარი, იქნებ არც ღირდეს მისი დამატება მეთქი… მან მითხრა: ქალბატონო ლია, ვერ წარმოიდგენ სცენაზე რამხელა მუხტის, ემოციისა და განწყობილების შემოტანა შეგვიძლიაო და მეც დავთანხმდი.
- შეიძლება, სამ წუთში მსახიობმა მაყურებელს ზუსტად გააგებინოს, რა ადამიანია მისი გმირი და როგორ უცხოვრია?
— გააჩნია მსახიობის გამოცდილებას, კატეგორიას, უფლის ბოძებულ ნიჭს, ყველაფერი ერთადაა აუცილებელი. ვერ ვიტყვი, რომ ამ როლზე ფიქრით ღამეები არ მეძინა, ეს ჩემგან არასერიოზული განცხადება იქნება. რეჟისორმა მთლიანად მომანდო როლის გახსნა. იმ დღეებში, ფეხი მაწუხებდა და თავს ვიკავებდი სცენაზე შესვლაზე, მაგრამ მალხაზისა და მსახიობთა გასახალისებლად წამში მივიღე გადაწყვეტილება მეცადა. მხატვარმა შესაბამისი კოსტუმი მომარგო და სცენაზე კოჭლობით, იღლიაში ცოცხამოჩრილი, შევედი. მუქარის ინტონაციით რაღაც უცნაური შორისდებულები წავიბურდღუნე და გავედი… რეჟისორისა და მსახიობების ხარხარი და ტაში დიდხანს არ შეწყდა. მივხვდი, რომ ეს ის სახე იყო, რაც რეჟისორს ამ კონკრეტულ სცენაში სჭირდებოდა… შემდეგში პრემიერაზე მაყურებლის რეაქციამაც დაგვარწმუნა პერსონაჟის გამარჯვებაში. ძალიან მიხარია, რომ რეჟისორის ჩანაფიქრი ჩემეული სარკაზმითა და შესრულებით გამართლე.
- საერთოდ ცხოვრებაში ბევრი შეგხვედრიათ ასეთი ადამიანი, რომელიც სხვა არის და ხალხს რეალურად სხვად აჩვენებს თავს?
— სამწუხაროდ, ცხოვრებაში ყველა რაღაც როლს ირგებს, ბევრჯერ შემხვედრია ასეთი ადამიანები… იცით, რომ მსახიობობა ადამიანთმცოდნეობაა. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ადამიანს რომ შევხედავ, უკვე ვიცი, ვინ არის. მისი შინაგანი ბუნების ამოცნობაში თითქმის არასდროს ვცდები. რაც შეეხება სერიოზულ როლზე მუშაობას, ბევრს ვფიქრობ, როგორი შეიძლება იყოს ჩემი გმირი, რა თვისებების, რა მანერების, რა ხასიათის და სხვა. ყოფილა შემთხვევა, როცა რაიმე სახე სპონტანურადაც შემიქმნია.
- გაიხსენეთ დაუვიწყარი შეხვედრები ცნობილ მსახიობებსა და რეჟისორებთან…
— საბედნიეროდ უამრავ ნიჭიერ და აღიარებულ რეჟისორთან მომიწია მუშაობა, სწორედ მათი დამსახურებაა ყველა ჩემი მიღწევა და გამარჯვება, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფ პირველ წარმატებულ გასტროლს მარჯანიშვილის თეატრში, როდესაც ვთამაშობდი გურამ მაცხონაშვილის სპექტაკლში „მეხდაცემული კაკალი“. ეს იყო 1969 წელი. ამ სპექტაკლმა უდიდესი წარმატება მომიტანა. მაყურებელი დღემდე იმ გმირის სახელით მომმართავს „ტაში ნაზოო“, რაც ძალიან მახარებს და მამხიარულებს. ყველაზე დაუვიწყარი იყო გივი ბერიკაშვილთან შეხვედრა ავთო ვარსიმაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში „იადონას თეატრი“. ასეთი ნიჭიერი პროფესიონალის პარტნიორობით ბედნიერი ვიყავი. იმ დღიდან დავმეგობრდით, რჩევისთვისაც ბევრჯერ მიმიმართავს. ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა.
-სცენაზე გაუთვალისწინებელი სახალისო ამბებიც ხდება ხოლმე…
— ასეა, უამრავი გაუთვალისწინებელი რამ ხდება. სცენაზე ყოფნის 50 წლის განმავლობაში იმდენი რამ გადამხდენია, რომ არც ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო. ამ წუთს ეს გამახსენდა: რეგიონის სოფლებში თეატრებში ხშირად ვმართავდით გასვლით წარმოდგენებს. ერთხელ სოფელ მუგარეთში წავედით. მაშინ სპექტაკლს „დედამთილი“ ვთამაშობდით. როცა ჩემს მონოლოგს ჩავამთავრებდი, ჩემი პარტნიორი, სერგო მელაძე 5 წუთის შემდეგ უნდა შემოსულიყო სცენაზე. დავამთავრე მონოლოგი, მაგრამ პარტნიორი არ გამოჩნდა. თვალი გავაპარე კულისებისკენ, საიდანაც ტექნიკური რეჟისორი შეშლილი სახით მანიშნებდა- თამაში გააგრძელე, სერგოს ვერ ვპოულობთო. როგორც გვიან გაირკვა მსახიობი ფეხბურთის საყურებლად კლუბის ახლოს მდებარე სახლში შესულა და მთელი ჯგუფი თურმე კარდაკარ ეძებდა მას. მე ვიდექი სცენაზე და ვთხზავდი ახალ-ახალ ამბებს, ბოლო-ბოლო ამომეწურა სათქმელი, მაგრამ ჩემი პარტნიორი ისევ არ ჩანდა. როცა გადავწყვიტე მაყურებლისთვის ბოდიში მომეხადა და სცენა დამეტოვებინა, კლუბის ეზოდან მომესმა თავგანწირული კივილი: „დეიდა ჯანააა“ და სცენაზე თმაგაბურძგნული, შეშინებული მსახიობი შემოვარდა. არ დავბნეულვარ და გამწარებით მივახალე: „დეიდა შენა და ღვთის ცეცხლი, სადა ხარ აქამდე, პირი ამიქაფდა ამდენი ლაპარაკით,“ მაყურებელმა ძალიან იხალისა- მე კი დაღლილი და პირგამშრალი ტახტზე მივესვენე. ესაა თეატრი — ცხოვრებასავითაა, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო…