ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა — პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, თუმცა იმედი არ დაუკარგავთ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს უფალს მიუძღვნიდნენ.
ებრაელები უშვილობას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, ამიტომ იოაკიმე და ანა თანამემამულეთაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა.
უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვედრება. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ანას ამცნო, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა.
გავიდა ხანი. ანამაც იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მარიამი უწოდეს. სწორედ დღევანდელ დღეს აღნიშნავს ეკლესია ამ მისტიკურ განგებულებას.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ საგალობელში ვკითხულობთ, ის არის „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა".
ბოლო დროს ბევრი ქილიკობს იმაზე, არის თუ არა საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი და ამას ერთი სიტყვით აღნიშნავენ — „წილხვედრი“. ეროვნულმა ნიჰილიზმმა უკვე ამ დონესაც კი მიაღწია…
ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობის შესახებ გადმოცემა გვხვდება არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის წიაღში. წმინდა დიმიტრი როსტოველი (მე-17 ს) წერს, რომ იბერია, რომელსაც საქართველოსაც უწოდებენ, არის წილხვედრი ყოვლადუხრწნელი ღვთის–დედისა, რომელსაც, ღვთის განსაკუთრებული ნებით, წილად ხვდა მახარებლობა ქრისტეს სახარებისა ამ ქვეყანაში. წმინდა დიმიტრი როსტოველი ეყრდნობა წმინდა სტეფანე ათონელს, რომელიც თავის ცნობილ წიგნში „გონითი სამოთხე” მოგვითხრობს: „ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ზეცად ამაღლების ჟამს მისი მოწაფეები იესუს დედასთან მარიამთან ერთად იმყოფებოდნენ სიონის მთაზე და მოელოდნენ ნუგეშინისმცემელს, ვინაიდან ნაბრძანები ჰქონდათ უფლისაგან, რომ არ განშორებოდნენ იერუსალიმს, არამედ დალოდებოდნენ უფლის აღთქმას. მოციქულებმა წილი ჰყარეს იმის გასაგებად, თუ რომელი რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო საქადაგებლად. ყოვლადწმინდამ თქვა: “მნებავს მეც ვიყარო წილი თქვენთან ერთად, რომ არც მე დავრჩე ჩემი წილხვედრი ქვეყნის გარეშე, რომელიც უფლის ნებით მეუწყება მე”. ამ წილისყრის შედეგად მარიამს ხვდა იბერიის ქვეყანა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მზად იყო სულიწმინდის გარდამოსვლისთანავე წასულიყო იბერიის ქვეყანაში, მაგრამ ღვთის ანგელოზმა უთხრა მას, არ განშორებოდა იერუსალიმს” (ე. ჭელიძე).
წილხვედრი ქვეყნის შვილებს არაერთხელ აღუვლენიათ ვედრება ღვთისმშობლის წინაშე. ილია ჭავჭავაძე სთხოვდა ყოვლადმოწყალე დედას, მოემადლებინა ქართველისთვის „ქართვლის ნდობა და სიყვარული“; აკაკი წერეთელი ევედრებოდა, აღედგინა „ქართველთა ერი, / დღეს დაცემული და ცოცხალ-მკვდარი!“;
პოეტი ლია სტურუა კი ასე ლოცულობს:
„ჩემო დაღლილო ღვთისმშობელო,
მე დაგიკლავ თაფლისფერ უშობელს,
ოღონდ გახვეულებს შენს თმაში
გვასწავლე პურის და სიმაღლის ფასი!“
დღევანდელი დღის მადლი შეგეწიოთ, ყოვლადწმიდა დედა იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი, მისი წყალობა არ მოგკლებოდეთ!