დღეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნება

© photo: Sputnik / M. Yurchenko / გადასვლა მედიაბანკშიივერიის ღვთისმშობლის ხატი
ივერიის ღვთისმშობლის ხატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ათონელმა ბერებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის თხოვნით ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი დაწერეს, რომელიც 1989 წლის 9 ოქტომბერს საქართველოში ჩამოაბრძანეს.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. 25 თებერვალს მართლმადიდებლური სამყარო ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს ზეიმობს.  საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.

მე–9 საუკუნეში ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ.

ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. იმპერატორის გამოგზავნილმა მხედრებმა იპოვეს ეს ხატი და ერთ–ერთმა მათგანმა „მახვილი დასცა პირსა ხატისა”. მოხდა სასწაული: ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ.

ტკბილი იესოს სასწაულმოქმედი ხატი - Sputnik საქართველო
ღვთისმშობლის ხატმა 15 წლის სიმსივნიანი გოგონა განკურნა

ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, დილით კი მან ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ წყალში ჩაუშვა. ხატი ზღვის ტალღებზე აღმართული, დასავლეთისკენ გაემართა.

რაღაც დროის გასვლის შემდეგ ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. ისინი ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა, მაგრამ როცა მიახლოება გადაწყვიტეს, ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.

ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი გაბრიელი. მამებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ივერიელი იყო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანებისა. იმავდროულად, ღვთისმშობელი თავად გაბრიელსაც გამოეცხადა და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი“.

გაბრიელი ათონის ბერებთან ერთად ჩავიდა ზღვასთან, შემდეგ ზღვაში შევიდა, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ხატი - Sputnik საქართველო
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

ზღვიდან გამოსვენებული ხატი დააბრძანეს და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. იმ ადგილას ცივმა და საამო წყარომ ამოხეთქა. ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს. მეორე დილით, კანდელის დასანთებად ბერებს ხატი ადგილზე არ დახვდა. ძებნის შემდეგ იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს, ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღა გამხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანეს ამას შინა ხატი, არა მოგაკლდეს თქვენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა“.

ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.

ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება.

ათონელმა ბერებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის თხოვნით ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი დაწერეს, რომელიც 1989 წლის 9 ოქტომბერს საქართველოში ჩამოაბრძანეს. ეს ასლი სიონშია დაბრძანებული. კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის სხვა უამრავი ასლიც არსებობს და ყოველი მათგანი სასწაულმოქმედია.

ყველა ახალი ამბავი
0