ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უფალთან განსაკუთრებით გვინდა მიახლოება. ეს მაშინ მძაფრდება, როდესაც განსაცდელები ერთიანად გვიტევს და არსაიდან აღარ არის საშველი. აი, მაშინ კი დგები და მიდიხარ ეკლესიაში, რადგან ხვდები, რომ უფლის მეტი არავინ დაგრჩა. მეც, თქვენი მონამორჩილი, ერთ–ერთი იმათგანი ვარ, ვისაც ასეთი მომენტი დაუდგა ცხოვრებაში. როგორც თითოეულმა ჩვენგანმა, მეც ეკლესიას მივაშურე. ცოტა ხანს დავყავი ივერიის ღვთისმშობლის ხატთან. გამოსვლისას ნაცნობი შემხვდა, რომელმაც აჟიტირებულმა მითხრა: „გაიგე? თბილისში, ერთ–ერთ ცენტრალურ უბანში ცხოვრობს ქალი, რომლის სახლშიც თითქმის ყველა ხატს მირონი სდის და სასწაულებს ახდენსო“. მაშინვე მისამართი გამოვართვი და მივადექი აღნიშნული ადრესატის სახლს. კარი ძალიან სანდომიანმა, ახალგაზრდა ქალმა გამიღო და ჩვეული თავაზიანობით შემიპატიჟა შინ, საშუალება მომცა, ხატებთან ახლოს მივსულიყავი. მათ შორის ერთმა ხატმა, ჩემი გამორჩეული ყურადღება მიიპყრო. დიასახლისმა ამიხსნა, ეს სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხატი იერუსალიმიდან მაქვს ჩამობრძანებულიო. რამოდენიმე წუთი დავყავი ხატთან და ჩუმად ჩემი სატკივარი გავუმხილე. დაახლოებით ერთი კვირის თავზე სასწაული მოხდა. ღვთისმშობელმა ზუსტად იმ განსაცდელისაგან მიხსნა, რაც ასე მაწუხებდა. ეს იმდენად დაუჯერებელი იყო, დიდი ხნის განმავლობაში შოკიდან ვერ გამოვდიოდი.
მაშინვე დავურეკე ქალბატონ ნანა ცინცაძეს და ინტერვიუ ვთხოვე.
- ქალბატონო ნანა, საიდან და როგორ მოხვდით ამ საოცარ გარემოში?
– მე ჯერ კიდევ მეათე კლასიდან ვცდილობდი, რომ ვყოფილიყავი რწმენაში. კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ნაბიჯ–ნაბიჯ მოვედი აქამდე. ბავშვობიდან მქონდა სურვილი, მეცხოვრა მონასტრული ცხოვრებით, მაგრამ მოხდა ისე, რომ, გარკვეული მიზეზის გამო, ეს ვერ შევძელი, თუმცა ვცდილობ, ერში მაინც მეტ–ნაკლებად ისე ვიცხოვრო, როგორი სურვილიც სულ მქონდა.
– ამდენი ხატი ერთიანად როგორ დააგროვეთ? საკმაოდ ბევრია…
– აი, რასაც თქვენ ამ წუთას ხედავთ, წლების მანძილზე ვაგროვებდი. შევქმენი ჩემი კელია, რომელშიც მამაოს კურთხევით ვცხოვრობ, უკვე 30 წელია. უფალმა დამანახა, რომ რეპროდუქციასაც ჩემთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. გაზეთშიც რომ წავაწყდე, იმასაც კი ვიღებ. თითოეულ ხატს თავისი გარკვეული ისტორია აქვს ჩემთვის.
– მაშინ დავიწყოთ… და პირველი სასწაული, რომელიც თქვენს სახლში მოხდა, იქნებ მოგვიყვეთ.
– დაახლოებით 2–3 წლის წინ მოხდა პირველი სასწაული. ვნების კვირა იყო. ანალოგიაზე, სადაც დაბრძანებული მაქვს ტკბილი იესოს ხელთუქმნელი ხატი, დიდ ხუთშაბათს, ჩემს მეზობლებთან ერთად ვლოცულობდი და ჩვენ თვალწინ, რომელსაც ეხლა თქვენც ხედავთ, ერთ თვალზე წამოუვიდა ცრემლი. თანდათანობით გადიდდა ეს ცრემლი და ისეთი სურნელოვანი გახდა, ვინც ნახულობს, ყველა განცვიფრებულია. ეს ასე გრძელდება დღემდე. ის დღე იყო და ის დღე, დამეწყო განსაცდელები. ყველას გვაქვს განსაცდელები, მაგრამ მე, რასაც ჰქვია, გოლგოთას გავდივარ.თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ მე ამ ყველაფერზე გავიმარჯვებ უფლის დახმარებით. მე ჩემს ხატებთან ცოცხალი კონტაქტი მაქვს. ძალიან ბევრი ისტორიის მოწმე გავხდი, შემიძლია ერთ-ორი გავიხსენო.
მოგეხსენებათ, სააკაშვილის დროს, თითქმის ყველა დაპატიმრებული იყო. ჩემი შვილიც ასე მოხვდა საპატიმროში. ბავშვს ძალიან მალე დაემართა ტუბერკულიოზი. დღე და ღამე ვტიროდი. ყოველ მისვლაზე უარესად ხდებოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოცხალს ვერ გამოვიყვანდი. 26 წლის ბიჭი 30 კილო გახდა. მაშინ ბევრმა ჩემმა ახლობელმა მირჩია, რომ არსებობს წმინდა დიმიტრი როსტოველის ხატი, რომელიც უძლიერესია. ეს ის წმინდანია, ვინც დედა ღვთისმშობლის ხუთჯერადი ლოცვა შექმნა. მითხრეს, რომ მას ფილტვებზე ევედრებიანო. დავიწყე ძებნა, მაგრამ ვერსად ვიპოვე. მერე კომპიუტერიდან ავიღე და ჩვეულებრივად, როგორც ფოტო, ისე დავბეჭდე და მოვაბრძანე სახლში. მთელი ღამე ვევედრებოდი შვილის გადარჩენას. დილით, როცა გავიღვიძე, მარცხენა თვალზე დიდი ცრემლი ეკიდა რეპროდუქციაზე. მერე ეს ცრემლი ნელ-ნელა გადიდდა თვალთან და ეხლაც თვალნათლივ ჩანს, როგორ ტიროდა დიმიტრი როსტოველი ჩემთან ერთად. ეს იყო ხილული სასწაული. ჩემს შვილს მეორეჯერაც დაემართა ტუბერკულიოზი, მაგრამ დღესდღეობით აღარაფერი აქვს. როცა ფილტვებზე სურათი გადავუღეთ, ექიმები გაოგნებული დარჩნენ — ფილტვები სარკესავით სუფთა იყო.
- ქალბატონო ნანა, აქ ორმა ხატმა — დედა ღვთისმშობლის, რომელმაც თავად გადამარჩინა და უფლის ხატმა — განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია…
— ჩემმა მეუფემ, ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ლუკამ, თავისი იერუსალიმის საგზური დამითმო, რომ მომელოცა. ეს იყო ჩემი დიდი ოცნება. იმ პერიოდში ომი კიდევ მძვინვარებდა და წასვლა საშიში იყო. მიუხედავად ამისა, წავედით და მშვიდობიანად მოვილოცეთ მთლიანი იერუსალიმი. ჩვენ, ქართველებს, წამოსვლისას გვაჩვენეს დიდი ანტიკვარული მაღაზია, სადაც იყიდებოდა უძველესი დანომრილი ხატები. პარალელურად, იყიდებოდა ოქროულობაც, სუვენირები და ა.შ. უცებ ხმა მომესმა, რომ მაღაზიის გამყიდველი ვერ აგებინებდა უცხოელ ტურისტს რაღაცას. ინგლისური ენის სპეციალისტი გახლავართ და მეც მაშინვე მივეხმარე და ბევრი რამ გავაყიდინე. გამოსვლისას მითხრა, შენც აარჩიე რაიმე და საჩუქრად დაგიკლებ კარგად ფასსო. მე იესოს და ღვთისმშობლის ხატები შესვლისთანავე მომეწონა, თან იესოს ხატს რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ მირონნადენი იყო. მაგრამ ხატს იმხელა თანხა ედო,თქმასაც კი ვერ გავბედავდი. სულ ჯიბეში 400 დოლარი მედო, და თითო ხატის ფასი კი 1500 დოლარს აღემატებოდა. ეს გამყიდველი არაფრით მომეშვა — გინდა თუ არა, ისე ვერ გაგიშვებ, რაიმე რომ არ გაგატანოო. მეც 50 დოლარიანი ვანახე და ხელით ხატისაკენ მივანიშნე. ესეც სასწაული იყო. მაშინვე გადმოიტანა ხატი და ჩამიდო ჩანთაში. მეორე ხატზეც ვუჩვენე — ვნების იესოზე. მოკლედ, ორივე ხატი სულ რაღაც 100 დოლარად წამოვიღე. გადმოტანისას კი, როცა ყველას ჩხრეკდნენ, ისე გავიარე შემოწმება, ჩანთა არც გაუხსნიათ. ხატი ჩამოვაბრძანე თუ არა, იმავე საღამოს ლოცვის დროს ხატს მირონის დენა დაეწყო ჩემ თვალწინ. მირონი შუბლის შუა ნაწილიდან წამოვიდა ნიკაპამდე, რომელიც დღემდე ჯვრის სახით აქვს დასმული. ამის შემდეგ კი პირიდან დაეწყო მირონდენა. დავიწყეთ ოჯახებში ხატის დაბრძანება, რომელსაც თავად ვკურირებდი. იმ პერიოდში ერთი ქალი ჩამოვიდა წყნეთიდან — ამ ხატს ჩემი ბეჭედი შევწირე და სასწაული მოახდინა, ფაქტობრივად, მიცვალებული გამიცოცხლა, მეტის თქმის უფლება არ მაქვსო და წავიდა. ამ ხატმა არაერთი დიდი სასწაული მოახდინა.
- ჩემთვის კიდევ ერთი საოცარი რამაა ცნობილი, ვიცი, რომ ღვთისმშობლის ხატმა, 15 წლის სიმსივნიანი გოგონა განკურნა.
— ჩემი მეგობრის შვილს, 15 წლის გოგონას დედათა წესი ჰქონდა, რომელიც ძალიან დიდ ხანს, 5 თვეს გაუგრძელდა. ბავშვს დიაგნოზად სიმსივნე დაუდგინეს. გადაწყდა, რომ ხუთშაბათ დღეს გაუკეთებდნენ ოპერაციას, რახან გადაუდებელი სიტუაცია იყო. მაშინ ჩემს სახლში ყაზანის ღვთისმშობლის ხატი იყო დაბრძანებული. ამ ბავშვის დედა შეესწრო, ხატი როგორ მომიბრძანეს სახლში. მაშინვე ვთხოვე, ელოცა თავისი შვილისათვის. ერთი კი შემომხედა და მითხრა: ნანა, ბავშვი ფიზიკურად ფეხზე ვერ დგებაო და წავიდა. დაახლოებით საღამოს 9 საათი იქნებოდა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. დედამ ბავშვი მოიყვანა. მაშინვე დაუჯდომელი მივეცი. დიდი ხანი დაჰყო დედა-შვილმა ჩემთან და საკმაოდ გვიანაც გავაცილე. მეორე დილით, გაისმა ტელეფონის ზარი. ზარი, რომელიც ჩემს სიცოცხლეში არასდროს დამავიწყდება. დედა რეკდა. ისე ყვიროდა სიხარულისაგან, ხმა ძლივს გავიგონე. ნანა, გუშინ გავედით თუ არა შენი სახლიდან, ბავშვს დენა შეუწყდაო. ეს იყო ორშაბათ დღეს. ხუთშაბათის ოპერაცია კი ძალაში რჩებოდა. ვთხოვე, ოპერაციას ნუღარ გაუკეთებთ-მეთქი. პასუხი მივიღე ასეთი: „ჩვენ გვწამს და გვჯერა ღმერთის, მაგრამ საშვილოსნოში მკაფიოდ ჩანს, თევზის ფარფლისხელა წანაზარდი, რომელიც უნდა ამოვკვეთოთ“. მოკლედ, ბავშვი გაიყვანეს საოპერაციოდ. მე ამ დროს სახლში ვლოცულობდი. ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყაზანის დედა ღვთისმშობლის ხატი და ვეხვეწებოდი, აეცილებინა ბავშვისათვის ოპერაცია, რომელიც 11 საათზე იწყებოდა. და მახსოვს, ზუსტად ერთ საათში მირეკავენ, ისეთივე საგანგაშო ზარით, როგორც პირველად. რომ ავიღე ყურმილი, არაფერი მესმოდა. ნანა, სასწაული მოხდა, ბავშვი ოპერაციაზე რომ გაიყვანეს, ჭერი ჩამოინგრა და ხელსაწყოები მთლიანად დაიმსხვრაო. ასეთი რამ არასდროს მომხდარაო. ამის შემდეგ დღემდე ვადიდებ უფალს.
- საოცარი ისტორიები მოვისმინე…
— იცით, რა, რწმენის გარეშე არაფერი ხდება. იგივე მოხდა თქვენს შემთხვევაშიც. ისეთი თვალებით შემოხვედით პირველად ჩემთან, მაშინვე ვიცოდი, ღვთისმშობელი მალე რომ გაგახარებდათ და ასეც მოხდა. ვინც გულით და დიდი რწმენით მოვა, უფალი სასწაულს მოუვლენს. გახსოვთ, ალბათ, უფალი ერთ დედაკაცს რას ეუბნება: „შენი რწმენით მოგეგოს, დედაკაცოო“. ასეა, ნამდვილად.