თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში მგლებმა ადგილობრივი მოსახლეობის საქონელი დაგლიჯეს, უკვე დაწყებულია მგლების დახოცვის პროცესი, განუცხადა „Sputnik–საქართველოს" ხობის რაიონული ადმინისტრაციის უფროსმა გოჩა ქაჯაიამ.
ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მესაქონლეობა ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. მონადირეების ჯგუფისთვის უკვე გაიცა სპეციალური ლიცენზია, რომელიც მგლის მოკვლის ნებას რთავს.
„ზოგიერთ სოფელში მგლები გამოჩნდნენ. ჩვენ რამდენიმე ადამიანთან ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, რომლებზეც მგლებისა და ტურების მოკვლისთვის შესაბამისი ლიცენზია გაიცა. ეს პროცესი უკვე დაიწყო, სოფელ პატარა ფოთში მგლები გამოჩნდნენ და მონადირეები შესაბამის ზომებს იღებენ", — განაცხადა ქაჯაიამ.
თუმცა, მისი სიტყვებით, კატასტროფული და საგანგაშო ვითარება არ არის. მგლებთან დაკავშირებული პრობლემა სოფელ საჯიჯაოსა და რიგ სხვა სოფელშიც იყო, სადაც მტაცებლები დახოცეს.
ქაჯაიამ ასევე აღნიშნა, რომ ბორჯომი-ხარაგაულის ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს, რომელსაც სამეგრელოს რეგიონში მგლების მომრავლებას მიაწერენ, ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„არანაირი საგანგებო ვითარება არ არის, თითქოს „მგლებმა შეგვჭამეს“. შეიძლება ვიღაცას აწყობს ვითარების დაძაბვა, მაგრამ ეს ასე არ არის", — აღნიშნა ქაჯაიამ და დასძინა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურად ატარებს და ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა დეტალის საქმის კურსშია.
ამჟამად მგლის მოკვლა საქართველოში აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება. "პრობლემურ მგლებზე" სანადიროდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვაა საჭირო. შესაბამისი მიმართვა გამგეობამ უნდა გადააგზავნოს.
2012-2015 წლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვით მოკლულია 249 მგელი, 135 ტურა, შვიდი მელია და ოთხი დათვი.
თუმცა ქართველი მეცნიერები შეშფოთებული არიან ქვეყანაში მგლის გამრავლებით. მათი მონაცემებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში 530-მილიონიან ევროპაში მგლების თავდასხმის შედეგად სულ დაიღუპა 9 ადამიანი, ხოლო 3,7-მილიონიან საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში 13 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ სტატისტიკას მეცნიერები კატასტროფულს უწოდებენ და ხელისუფლებას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.