ლიკას პროფესიით მუშაობა არ გაუგრძელებია, რადგან საკუთარი თავი და შესაძლებლობები ტიხრული მინანქრის ხელოვნებაში აღმოაჩინა. მისი ხელოვნება საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა. მის მიერ შექმნილი ნამუშევრები დახვეწილი ტექნიკით და გემოვნებით გამოირჩევა.
— ბავშვობაში გატაცებული ვიყავი მუსიკით, ვმღეროდი, დავდიოდი თეატრალურ წრეზე, გამოვდიოდი კონცერტებზე და თავიდანვე თავისთავად გამოიკვეთა მიმართულებაც, თუ რა პროფესიით უნდა გამეგრძელებინა ჩემი კარიერა. ოჯახის წევრები ყველანაირად მიწყობდნენ ხელს. არ ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ ჩემს არჩეულ პროფესიაზე. პირიქით, მაქსიმალურად ცდილობდნენ და მეხმარებოდნენ გამეგო რა მსურდა, თავად გამეკეთებინა საკუთარი არჩევანი და შესაბამისად ამერჩია პროფესია, რომელიც მეყვარებოდა და სიყვარულით ვემსახურებოდი ამ საქმეს.
- როგორ დაუკავშირდა თქვენი ხელოვნება ტიხრულ მინანქარს?
— ტიხრული მინანქარი შევისწავლე სრულიად შემთხვევით, სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემი არჩევანი. მეგონა, მსგავსი რამის კეთების ნიჭი არ გამაჩნდა და ჩემს წარმოსახვაშიც კი წარმოუდგენლად მიმაჩნდა, თუ სამკაულებთან, ან ნახატების კეთებასთან რაიმე კავშირი მექნებოდა. ტიხრული მინანქარი საკმაოდ შრომატევადი და რთული სამუშაოა, ამავე დროს სიურპრიზებით არის სავსე და ძალიან საინტერესოა. თითოეული ნამუშევრის კეთებისას თავისებურ გზას გადიხარ ეტაპობრივად. მასალაც სპეციფიურია და დიდი სიფრთხილით მოპყრობას საჭიროებს. შუა საუკუნეებში ტიხრული მინანქარი საეკლესიო ხელოვნებად მოიაზრებოდა, თუმცა დღევანდელ დროში ეს ასე არ არის. ამ მასალით უამრავი ნივთი იქმნება, არამარტო სამკაული და ნახატები… ტიხრული მინანქარი ეფექტური და მდიდრულია, გამოირჩევა გამჭვირვალე ფერადოვანებით. ამავე დროს ფაქიზია, რადგან მინაა და სათუთ მოპყრობას და მოფრთხილებას მოითხოვს.
- რას გრძნობთ მათი შექმნის დროს? მუზა როგორ მოდის და როგორ ასხამთ ხორცს თქვენს წარმოსახვაში შექმნილ ესკიზებს?
— ყოველი ნამუშევრის კეთება საკმაოდ შრომატევადი და ამავდროულად სასიამოვნო პროცესია. თვითოეული ნამუშევრის დაწყებას თან ახლავს საგულდაგულო მომზადება, კარგად უნდა გავიაზრო იდეურად, თუ შინაარსობრივად რის გაკეთება მსურს. პირველ ნაბიჯზე საკუთარ წარმოსახვაში ვაყალიბებ იდეას და ვხაზავ ესკიზს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფურცელზე არც გადმომაქვს და პირდაპირ ფორმაზე ვაგებ ტიხრებით. უშუალოდ მასალასთან შეხებისას გადმომაქვს იდეა. ვცდილობ, ყველა ნამუშევარი გამორჩეული იყოს… ამ მხრივ ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ. ყოველთვის დიდ სირთულეებს ვეჭიდები და ახალ გამოწვევებს ვუმკლავდები, ამავდროულად ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ, ვატარებ ექსპერიმენტებს, რომ გავზარდო ჩემი შესაძლებლობები მასალის მაქსიმალურად ათვისებასთან მიმართებაში. ვარ მუდმივ ძიებაში და ყოველი ახალი აღმოჩენა პატარა ბავშვივით სიხარულს მანიჭებს, სტიმულს მაძლევს, რაც ჩემ სამუშაო პროცესს უფრო საინტერესოს ხდის. შემდეგ ვუზიარებ ჩემს პატარა აღმოჩენებს სხვებსაც და ეს სიტუაცია დიდ კმაყოფილებას და სიამოვნებას მანიჭებს. ჯანსაღი სამუშაო პროცესი განაპირობებს მეტ გახსნილობას. შენში იხსნება სამყარო და შენც იხსნები სამყაროს მიმართ, ფართოდ ახელ თვალებს და ყველაფერს სხვანაირად ხედავ. ხოლო როდესაც უყურებ და ხედავ სამყაროს, მუზებიც იქვე ჩნდებიან.
- რა იყო თქვენი პირველი ნამუშევარი? რამდენად რთული იყო პირველი ნაბიჯები თქვენთვის?
— როდესაც სრულიად შემთხვევით მივედი ტიხრული მინანქრის შესასწავლად, მახსოვს მომთხოვეს დამეხატა რაიმე ესკიზი, რომლის გაკეთებაც მსურდა. საკმაოდ რთული ესკიზი დავხატე… მითხრეს, რომ პირველი ეტაპისთვის ასეთ სირთულეს ვერ დავძლევდი, თუმცა ავიჩემე სწორედ ჩემი შერჩეული ესკიზის გაკეთება, რადგან სირთულეები არასდროს არ მაშინებდა, ან არ მესმოდა იმ ეტაპზე რაში მდგომარეობდა სირთულე. ძალიან გამიჭირდა, ვიტირე კიდეც და მეგონა ყველაზე უნიჭო ადამიანი ვიყავი დედამიწაზე, თუმცა შუა გზაზე არ მივატოვე ნამუშევარი, ბოლომდე მივიყვანე და ბოლოს შედეგმა გამომისწორა ხასიათი და სტიმულიც მომცა გამეგრძელებინა სწავლა.
- დროთა განმავლობაში როგორ იხვეწებოდა თქვენი ტექნიკა?
— ყოველ ნამუშევართან შეხება არის ძიება, ახალი გამოცდილება, ახალი ამოცანა, ახალი აღმოჩენების გაკეთების პირობა, რაც განაპირობებს თავისთავად ტექნიკის გზადაგზა დახვეწასაც. აქედან გამომდინარე პირველსა და დღევანდელ ნამუშევარს შორის რათქმაუნდა უდიდესი სხვაობაა, საკმაოდ გაზრდილი ვარ და ეს პროცესი იყო ძალიან საინტერესო. ყოველ ჯერზე ვცდილობდი დიდ სირთელეებთან შეჭიდებას და გადალახვას. ზოგადად მებრძოლი ბუნება მაქვს და ეს თვისება აქაც გამოვავლინე.
- თქვენს ნამუშევრებში მრავლადაა თბილისის პეიზაჟები. ალბათ ძალიან გიყვართ საკუთარი ქალაქის ქუჩები…
— ჩემს ნამუშევრებში თბილისის პეიზაჟების სიმრავლე არამარტო სიყვარულითაა გამოწვეული, არამედ მომხმარებლების სურვილითაც. მოთხოვნა დიდია თბილისის სურათებზე. ძირითადად მიკვეთავენ სასაჩუქრედ, ესეც ხომ თავისებური მოგონებაა საქართველოში მოგზაურობის შესახებ. ძველი თბილისის ქუჩები პირველ რიგში საინტერესო თემატიკაა თავისი მინიატურული, მოჩუქურთმებული ხის აივნებით, ქუჩებით, სახლებით. ამავდროულად, ამ მასალაში აღნიშნული თემატიკის გაშლაც ახალ გამოწვევებთან და ამოცანებთანაა დაკავშირებული, მასალის თავისებურებებიდან გამომდინარე.
- ყველაზე რთული ნამუშევარი გიხსენეთ რაც ოდესმე შეგიქმნიათ?
— ასეთი ბევრი ყოფილა, ძირითადად ეს არის მაშტაბურად დიდი ნამუშევრები. არ მახსოვს ზუსტად რამდენი ხანი მოვანდომე თითოეულს, თუმცა იმდენად დატვირთული იყო და რთული, რომ დაუსრულებელ პროცესად მიმაჩნდა.
- თქვენი საყვარელი ნამუშევარი რომელია, რომელსაც არასოდეს გაყიდით და არასოდეს გააჩუქებთ?
— სამწუხაროდ, ჩემი ყველა საყვარელი ნამუშევარი გაყიდულია, თუმცა ერთი მაქვს შემონახული, რომელიც არავის არ უნახავს… სიყვრულის თემაზეა.
- ვინ არის თქვენი საყვარელი მხატვარი?
— ძალიან მიყვარს პიტერ ბრეიგელი, ვან გოგი, ჰიერონიმუს ბოსხი, რენე მაგრიტი, ფიროსმანი, დავით კაკაბაძე და რავიცი, კიდევ მრავალი. ბევრი საინტერესო მხატვარია, რომელიც ამავდროულად კარგი მასწავლებელიცაა. თითოეული მათგანი ინდივიდუალური მხატვარი იყო, ანუ სხვებისგან გამორჩეული. მეც ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო ინდივიდუალური, უფრო მეტად გავიხსნა და გამოდმოვიტანო ტიხრულ მინანქარში ყველაფერი, რაც ჩემს გონებაში და წარმოსახვაშია.
- გამოფენებში, კონკურსებში რამდენად ხშირად იღებთ მონაწილეობას?
— საქართველოში ნაკლებად ვღებულობ მონაწილეობას, ძირითადად საზღვარგარეთ, კერძოდ ავსტრიაში, ლინცში, ვენაში, ასევე უნგრეთში. გამოფენებში მონაწილეობის მიღება აუცილებელია. ამ დროს საზოგადოებას აცნობ საკუთარ თავს, საკუთარ შემოქმედებას და ეს მნიშვნელოვანი მომენტია მომხმარებელთან ურთიერთობისთვის, რასაც რა თქმა უნდა დადებითი შედეგი მოაქვს შენი კარიერისთვის, თუ ნამუშევრების რეალიზების მხრივ.
- მომავალში რა სიახლეს სთავაზობთ საზოგადოებას?
— მომავალში ვგეგმავ პერსონალური გამოფენა გავაკეთო საქართველოში და ის სიახლეები რაზეც ვმუშაობ, უშუალოდ ერთად თავმოყრილი წარვუდგინო საზოგადოებას. ძალიან მინდა უახლოეს დროში მოვახერხო, იმედია მალე იქნება.