თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა საკუთარ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებულ ნომერში თანამედროვეობის 100 უდიდესი ბიზნესმენის ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
სიაში შევიდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: მილიარდელი უორენ ბაფეტი, კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეიტსი, Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი, Twitter-ის შემქმნელი ჯეკ დორსი, იტალიელი მოდელიერი ჯორჯო არმანი, ბრიტანელი მუსიკოსი პოლ მაკარტნი, მოდების სახლ Prada Sp.A.-ს მფლობელი მიუჩა პრადა, როკ-ჯგუფ U2-ს ვოკალისტი ბონო, მექსიკელი მილიარდელი კარლოს სლიმი, ამერიკელი ტელეწამყვანი, მსახიობი და პროდიუსერი ოპრა უინფრი და სხვ.
ჩამონათვალში ასევე შევიდა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც სამშენებლო კონგლომერატ Trump Organization-ის დამფუძნებელია.
"Forbes-ი ის ბრენდია, რომელიც სამეწარმეო კაპიტალიზმს განასახიერებს. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ პატივი უნდა მიგვეგო გასული საუკუნისთვის და ასევე მივსალმებოდით მომავალს", — განაცხადა საიუბილეო გამოშვების რედაქტორმა რენდალა ლეინამ.
სიაში შესაყვანი პირები "მომავალი თაობის მეწარმეების შთაგონებისა და ინფორმირების" უნარის მიხედვით შეარჩიეს; იმ თაობისა, რომელმაც "მომავალი საუკუნე უნდა ჩამოაყალიბოს და ააშენოს".
ჟურნალის ყდაზე მილიარდელი უორენ ბაფეტია გამოსახული, 1917 წელს გამოცემული Forbes-ის პირველი ნომრით ხელში.
შეგახსენებთ: ჟურნალი Forbes 1917 წელს დააარსა ჟურნალისტმა ბერტი ჩარლზ ფორბსმა. ჟურნალის შტაბბინა ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე მდებარეობს.