თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 19 სექტემბერს შოუ „ნიჭიერის" მერვე სეზონის მონაწილეობაზე კასტინგების სატელევიზიო ჩაწერა დაიწყო.
შოუს ჩაწერა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში 19 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე 12:00 და 16:00 საათზე მიმდინარეობს. შოუზე და გადაღებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ წელს პროექტმა და მისმა ტრანსლაციამ ტელეარხ „რუსთავი 2"-დან ტელეარხ „იმედზე" გადაინაცვლა.
ცვლილებებია ჟიურის შემადგენლობაშიც. მონაწილეების ნიჭს შეაფასებს ჟიურის ოთხი წევრი: საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მსახიობი რუსკა მაყაშვილი, მომღერალი, მუსიკოსი და პროდიუსერი სტეფანე მრებრიშვილი და თეატრისა და კინოს მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი.
საქართველოს მასშტაბით უკვე შედგა კონკურსანტების მოსმენა ბათუმში, გორში, რუსთავში, ზუგდიდში და სხვა ქალაქსა და რეგიონში.
პროექტი „ნიჭიერი" ეთერში, სავარაუდოდ, 2017 წლის ოქტომბერში გავა.
„ნიჭიერი" ბრიტანული შოუს Got Talent ქართული ანალოგია. მისი პირველი გამოშვება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში 2010 წლის თებერვალში გავიდა.
„ნიჭიერის" ბოლო, მეშვიდე სეზონის გამარჯვებული ეკა აბულაძე გახდა.