„ნიჭიერის“ გამარჯვებული ეკა აბულაძე გახდა

© photo: Nichieri / FBეკა აბულაძე
ეკა აბულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკა აბულაძე „ნიჭიერის“ ფინალის ცხრა მონაწილეს შორის საუკეთესო გახდა.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ტელეარხ „რუსთავი 2“-ზე შოუ „ნიჭიერის“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული ეკატერინე (ეკა) აბულაძე გახდა — პრიზის სახით გოგონამ ბათუმში ოროთახიანი გარემონტებული ბინა მიიღო.

გამარჯვებისთვის ფინალში ეკასთან ერთად იბრძოდა კიდევ რვა შემსრულებელი: გიორგი ცისკარიძე, თამარ ყველაშვილი, მარიამ ურუშაძე, აკრობატების დუეტი Throwing, ანსამბლი „ათძალი“, ასევე მოტოციკლისტ-ექსტრემალი Stunter 13 და ილუზიონისტები ლაშა გელაშვილი და სერგი დოლიძე.

მარიამ ურუშაძე - Sputnik საქართველო
გოგონა, რომელმაც საქართველოს პირველი ლედი აატირა

შოუს გამარჯვებული მაყურებელმა თავისი ფავორიტის სპეციალურ ნომერზე ზარებით გამოავლინა. სულ განხორციელდა 134 506 ზარი, აქედან 42% აბულაძეს ეკუთვნოდა.

„ნიჭიერის“ პატარა მონაწილე მარიამ ურუშაძეს ანდრეა ბოჩელის კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა და საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკალური აკადემიაში სწავლის წლიური სტიპენდია აჩუქეს. ის ასევე დაჯილდოვდა ბადენ-ბადენსა და ბულგარეთში საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის და ვარნაში საერთაშორისო კონკურსის საგზურებით.

პროექტის კიდევ ერთი ნორჩი მონაწილე გიორგი ცისკაძე საქართველოს უნივერსიტეტში ვოკალის შესწავლის მიზნით ფულადი პრემიით დაჯილდოვდა.

„ნიჭიერის“ დანარჩენი ფინალისტები პროექტის სპონსორების მხრიდან სხვადასხვა ფულადი პრემიების, სტიპენდიების, ვაუჩერების, საგზურებისა და სხვა ფასიანი პრიზების მფლობელები გახდნენ.

პარაორკესტრი ნიჭიერში - Sputnik საქართველო
პარაორკესტრმა „ნიჭიერში“ გია ყანჩელის სიმღერა ბრწყინვალედ შეასრულა

მეშვიდე სეზონის ჟიურის წევრები იყვნენ საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მსახიობი რუსკა მაყაშვილი, რეჟისორი ლევან წულაძე და ტელეარხის წამყვანი ზაალ უდუმაშვილი.

ეკა აბულაძე 28 წლისაა, ქალაქ რუსთავიდან. დაიბადა მუსიკალურ ოჯახში და ბავშვობიდან მღერის, დაწყებითი კლასებიდან საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ფესტივალებში იღებს მონაწილეობას.

ეკამ არაერთხელ აღნიშნა, რომ კონკურსზე პესიმისტური განწყობით მივიდა, თუმცა რუსკა მაყაშვილისგან ჯერ კიდევ პირველი მოსმენის დროს „ოქროს ღილაკის“ (ნახევარფინალში ავტომატური გადასვლა) მფლობელი გახდა. გოგონა ძირითადად როკ-ნ-როლის სტილში გამოდის. ფინალში მან ჯგუფ The Arrows-ის ჰიტი I love Rock'n'roll შეასრულა.

ეკა გათხოვილია, ამჟამად თბილისში ცხოვრობს. ბენდთან ერთად თბილისის ერთ-ერთ ბარში გამოდის, ძირითადად ასრულებს ქავერებს, მაგრამ პროექტში გამარჯვების შემდეგ რეპერტუარის ორიგინალური სიმღერებით შევსება სურს.

„ნიჭიერი“ ბრიტანული შოუს Got Talent ქართული ანალოგია. მისი პირველი გამოშვება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში 2010 წლის თებერვალში გავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0