„ანბანის“ შექმნის იდეა თემუკა ლეჟავას ეკუთვნის, რომელიც 26 წელი იაპონიაში ცხოვრობდა. იგი სულ ახლახან დაბრუნდა სამშობლოში და დეიდაშვილთან ქეთი გეგიძესთან ერთად ისეთი პროდუქტის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც მიმზიდველი იქნებოდა როგორც ქართველისთვის, ასევე უცხოელისთვის თავისი ქართული მოტივებიდან გამომდინარე. სტარტ-აპის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთი გეგიძე ესაუბრა.
— „ანბანის“ შექმნის იდეა ჩემს დეიდაშვილს თემუკა ლეჟავას ეკუთვნის. იგი 26 წელი იაპონიაში ცხოვრობდა. სულ ერთი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდა. იაპონიაში ცხოვრების დროს ხედავდა, რომ იქ ძალიან ბევრი სუვენირი იყო, რომელიც მათ კულტურას უსვამდა ხაზს. რადგან ქართული ანბანი არის უნიკალური, როცა საქართველოში ჩამოვიდა, გაუჩნდა იდეა, რომ ქართული ანბანის მოტივებზე შეექმნა გარკვეული პროდუქტი. გვინდოდა ისეთი რაღაც შეგვექმნა, რაც მხოლოდ ქართველისთვის არ იქნებოდა საინტერესო, რაც უცხოელ მომხმარებელსაც დააინტერესებდა და ამით ქართული კულტურის, ღირებულებების პოპულარიზაციას მოვახდენდით. ამისთვის ქართული ანბანი საუკეთესო საშუალება იყო.
– თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტი მხოლოდ მხედრული ანბანით არის გაფორმებული?
— თავდაპირველად დავიწყეთ ქრონოლოგიურად. რადგან თავიდან იყო ასომთავრული ანბანი, ჩვენც ძველი ქართული ასოები გადავიტანეთ მაისურებზე. ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი იყო, თან გვინდოდა ქართველებსაც ბევრი რამ შეეტყოთ ძველი ქართული დამწერლობის შესახებ. ამის შედეგ დავიწყეთ თანამედროვე ასოების გადატანა ჩვენ პროდუქტზე.
– უფრო მეტად მოთხოვნა ასომთავრულ ანბანზეა თუ თანამედროვე ანბანზე?
— ძირითადად მოთხოვნა ასომთავრულ ანბანზეა.
– რა პროდუქციას სთავაზობს „ანბანი“ ქართველ მომხმარებლებს?
— ჩვენი მთავარი პროდუქტი, რაც პირველად გავაკეთეთ, არის მაისური, რომლის წინა მხარეს ანბანის ერთი ასოა გამოსახული, ხოლო უკანა მხარეს გამოსახულია ანბანის ყველა ასო. კოლექცია სეზონურად იცვლება. გაზაფხულზე გვქონდა მოკლემკლავიანი მაისურები, შორტები, ასევე გვაქვს ხელჩანთები.
– სურვილის მიხედვითაც ხდება მაისურზე სხვადასხვა წარწერის გაკეთება?
— სხვადასხვა წარწერას არ ვაკეთებთ. როგორც გითხარით, წინა მხარეს მხოლოდ ერთი ასოა გამოსახული, უკან კი მთელი ანბანია ჩამოწერილი. უმეტეს შემთხვევაში ყიდულობენ მაისურს, სადაც მათი სახელის პირველი ასოა გამოსახული. ბევრმა არ იცის როგორია ძველქართულად მისი სახელის პირველი ასოს მოყვანილობა და როცა იგებენ, ძალიან უხარიათ. ეს თითქოს გამოწვევასავით არის…
– ფერების არჩევანი გაქვთ?
— კი, ფერების ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. თავიდან დავიწყეთ ოთხი სტანდარტული ფერით, ახლა დავამატეთ ძალიან ბევრი ლამაზი ფერი.
– მაისურების ფასი რა ფარგლებში მერყეობს?
— ფასი მერყეობს 35 ლარიდან 49 ლარამდე.
– სტარტ-აპი რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული?
— სირთულე ის იყო, რომ ქართული ანბანი, დამწერლობა ჩვენთვის ძალიან ფაქიზი თემა იყო და სიფრთხილით მიდგომას საჭიროებდა. თითოეული ასო კარგად უნდა შეგვესწავლა, რომ არაფერი გამოგვრჩენოდა. სხვას ყველაფერს მარტივად გავუმკლავდით, რადგან მომხმარებლები თავიდანვე პოზიტიურად განეწყვნენ „ანბანის“ მიმართ და ეს ჩვენთვის დიდი სტიმული იყო.
– ანუ ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება არ გაგიჭირდათ?
— საბედნიეროდ არ გაგვიჭირდა. ყველაფერი სტარტ-აპ მარკეტით დავიწყეთ. მოგვეცა საშუალება გავსულიყავით სხვადასხვა ფესტივალებზე. პიარის მხრივ სხვა აქტივობა არ გვქონია. პირველად 30 მაისს გავიტანეთ ჩვენი მაისურები მომხმარებლის წინაშე, იმის მერე საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა, უცხოელებიც ძალიან დაინტერესდნენ. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ არაერთხელ შეუმჩნევიათ უცხო ქვეყანაში ჩვენი მაისურები.
– რაც შეეხება უცხოურ ბაზარზე რეალიზებას, ამ მხრივ თუ იგეგმება სიახლეები?
— თავიდანვე ჩვენი ჩანაფიქრი იყო, რომ გავსულიყავით უცხოურ ბაზარზე. ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ საკმაოდ პოპულარული გახდა „ანბანის“ ნაწარმი. ახლო მომავალში ვგეგმავთ უცხოურ ბაზარზე გასვლას. გარკვეული შემოთავაზებებიც გვაქვს უკვე.
– როგორ ფიქრობთ, რა აუცილებელი კრიტერიუმებია საჭირო წარმატების მისაღწევად?
— ჩემი აზრით, წარმატების მისაღწევად ყველაზე მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის და გიყვარდეს ის საქმე, რასაც ემსახურები.
– მომავალში როგორ ხედავთ „ანბანს“?
— სეზონურად სულ ვცვლით კოლექციას, ვამატებთ სხვადასხვა პროდუქტს და ვცდილობთ დავხვეწოთ ჩვენი პროდუქცია. გვსურს გავაკეთოთ საიტი, სადაც მომხმარებელს მიეცემა საშუალება თვითონ შექმნას მაისურის, ჩანთის და სხვა ნივთის სასურველი დიზაინი.