თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქართველი და ევროპელი პარლამენტარები თბილისში საქართველოს და ევროკავშირის შემდგომი დაახლოების საკითხებს და დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას განიხილავენ, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოში 19-20 სექტემბერს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დასასრულს კომიტეტი განცხადებასა და რეკომენდაციებს მიიღებს.
"სხდომაზე ყურადღებას გავამახვილებთ ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში დგას… ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საპარლამენტო ზედამხედველობა განვახორციელოთ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და წვლილი შევიტანოთ საქართველოს და ევროკავშირის შემდგომი დაახლოების პროცესში", — განაცხადა თამარ ხულორდავამ.
სხდომის დაწყებამდე ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე შეხვდა. მხარეებმა განიხილეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი სამიტი, რომელიც ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.
ევროპარლამენტარებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც შეხვდა.
2009 წელს საქართველო პროგრამა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი გახდა, რომელიც ევროკავშირთან ექვსი ქვეყნის — აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ დაახლოებას ითვალისწინებს.
2010 წელს ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ ევროკომისიას გადასცა მანდატი, რომელიც მას ასოციაციის შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებების წარმართვის უფლებას აძლევდა. 2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა გააფორმეს ასოცირების ხელშეკრულება, რომლის ძირითად ნაწილს წარმოადგენს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმება. მიმდინარე წლის 28 მაისიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზები გააუქმა.