თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ოპერის მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ზურაბ სოტკილავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მოსკოვში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„გული დამწყვიტა გამოჩენილი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას გარდაცვალებამ. ქართულ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ იმ ადამიანის ხსოვნას, რომლის ნაყოფიერმა შემოქმედებითმა და პედაგოგიურმა საქმიანობამ ხელი შეუწყო ჩვენში საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას, შემოქმედთა ახალი თაობების აღზრდას, მსოფლიოში ქართული სამუსიკო სკოლის წარმოჩენას", — ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის განცხადებაში.
ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს საქართველოში, ქალაქ სოხუმში დაიბადა.
1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 წელს კი თბილისის კონსერვატორია. სტაჟირება „ლა სკალაში" გაიარა, სადაც მოამზადა ჰერცოგის პარტია ვერდის „რიგოლეტოდან", ხოსეს პარტია ბიზეს „კარმენიდან", ტურიდუს პარტია მასკანის "სოფლის პატიოსნებიდან".
1970 წელს ზურაბ სოტკილავა და ელენა ობრაზცოვა პირველი საბჭოთა მომღერლები გახდნენ, რომლებიც ბარსელონაში ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე გამოვიდნენ. ორივე შემსრულებელმა ოქროს მედალი დაიმსახურა და ესპანეთში დარჩენის შეთავაზებაც მიიღეს.
„ვერდის ნაწარმოებების ბრწყინვალე ინტერპრეტაციისთვის" ზურაბ სოტკილავა ბოლონიის მუსიკალური აკადემიის საპატიო წევრად იყო არჩეული.
სახელგანთქმულ ტენორს 2016 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა – საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა და საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენისთვის.