თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ავტობუსების გაჩერებებზე დამონტაჟებული ელექტროტაბლოები ტექნიკური გაუმართავობის გამოა გათიშული, ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ვებგვერდზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებისთვის დროებით მიუწვდომელია სატრანსპორტო კომპანიის რამდენიმე სერვისი: გამორთულია გაჩერებებზე არსებული ტაბლოები, ვებ-გვერდსა და მობილურ აპლიკაციებში არ მუშაობს რამდენიმე ფუნქცია — ტაბლოს ინფორმაცია, ავტობუსი რეალურ დროში.
„სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს ხარვეზის გამოსასწორებლად და დღის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება ყველა სერვისის აღდგენა“, — ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თბილისში არსებული 1000-ზე მეტი საინფორმაციო ელექტროტაბლო არ მუშაობს. მიმდინარე წლის ზაფხულში სატრანსპორტო კომპანიის ტაბლოები ორჯერ იყო გათიშული რამდენიმე დღით.