თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქალაქო ავტობუსების გაჩერებებზე დამონტაჟებული ელექტრონული ტაბლოები ტექნიკური გაუმართაობის გამო მწყობრიდან გამოვიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე“ დაყრდნობით.
ელექტრონული ტაბლოები, რომლებიც ავტობუსების განრიგს, საათსა და ჰაერის ტემპერატურას აჩვენებს, უკვე რამდენიმე დღეა არ მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ეს ტაბლოების გათიშვის მეორე შემთხვევაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში.
„პირველად რომ გაითიშა ტაბლოები, IT-სამსახურმა გვითხრა, სერვერი დაზიანდა და როდის აღვადგენთ, ზუსტად არ ვიცითო. მაშინ რამდენიმე დღე დასჭირდა სერვერის შეკეთებას. ახლა გვეუბნებიან, ეს კიდევ უარესი დაზიანებააო და პასუხს ვერ გვაძლევენ, როდის გამოსწორდება მდგომარეობა“, — განაცხადა „სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელმა.
სულ თბილისში 1008 ელექტროტაბლოა დამონტაჟებული.