თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თბილისში 6 ჰექტარი ფართობის მუნიციპალური ავტობუსების თანამედროვე ავტობაზა გაიხსნა, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ავტობაზაზე რამდენიმე ობიექტია განთავსებული: ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვის-ცენტრები, საწვავგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ნაგებობები. ბაზა აღჭურვილია უახლესი ინფრასტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას.
"გაიხსნა ახალი ავტობაზა, სადაც განთავსდა MAN-ის მარკის ახალი 143 ავტობუსი… ეს არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. 19 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა", — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, ავტობაზაზე ყოველდღიურ რეჟიმში დასუფთავდება ავტობუსები, მოხდება მათი ტექნიკური მომსახურება და გაზით მომარაგება.
"ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ ამ ავტობუსებით ჩვენი თანამოქალაქეები კომფორტულად გადაადგილდნენ", — განაცხადა ნარმანიამ.
1963 წლიდან ეს პირველი ავტობაზაა, რომელიც თბილისში აშენდა. დიდ დიღომში განთავსებულ ბაზაზე მუდმივად იქნება დასაქმებული 616 ადამიანი. MAN-ის ავტორიზებულ სერვის-ცენტრში კი დამატებით 50-მდე ადამიანი იმუშავებს. ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს.
თბილისის მერიამ საქალაქო ავტობუსების ავტოპარკის განახლების პროექტი 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. პოლონეთიდან 143 ახალი ავტობუსი შემოიყვანეს, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებში უკვე მოძრაობენ. პროექტის სრული ღირებულება 34 მილიონი ევროა.
სამომავლოდ, თბილისის მერია შედარებით მცირე ზომის, 8-10 მეტრიანი ახალი ავტობუსების შემოყვანას გეგმავს. 2018 წლის ივლისიდან კი დედაქალაქის მთავრობა მგზავრებს თანამედროვე სამარშრუტო სქემასა და მოსახლეობისთვის უფრო მოსახერხებელ ელექტრონული გადახდის სისტემას შესთავაზებს.