ერეკლეს კარგად ახსოვს სპარსულ სკოლაში შესვენებების დროს იქაური თანატოლები ერთმანეთთან როგორ ლაპარაკობდნენ სხვებისთვის გაუგებარ ენაზე, ახსოვს პაპის მონათხრობი შორს დარჩენილ სამშობლოზე და მისი აუსრულებელი ოცნება, რაც შთამომავლობას ანდერძივით დაუტოვა – აქ დაამთავრეთ ცხოვრება და საქართველოში გააგრძელეთო. დღეს ირაკლი საქართველოში ცხოვრობს, თავისი გეგმები აქვს, რომელშიც უმაღლესი განათლების ქართულად მიღება და ქართველი ცოლის მოყვანაც შედის…
— ვიცი, რომ ფერეიდნელ ქართველებს ორი სახელი გაქვთ, როგორ მოგმართოთ?
— ჩემი ქართული სახელია ერეკლე, გვარი — ონიკაშვილი, სპარსული სახელია არაშ რაფიმი. თქვენ ერეკლე დამიძახეთ.
— ერეკლე, ასეთი კარგი ქართული სად ისწავლეთ?
— კახეთიდან ვართ წარმოშობით. მე დავიბადე ფერეიდანში. ქართულად ვლაპარაკობდი ბავშვობიდან, მაგრამ ეს ძველი ქართული იყო. როდესაც სკოლა დაიწყო, იმის მერე ვისწავლე სპარსული, ჩემი დედა ენა ქართულია.
— სკოლაში რა ენაზე ურთიერთობდით ბავშვებთან?
— ფერეიდანის სკოლაში ყველანი ქართველები ვიყავით. სპარსულად მარტო გაკვეთილებზე ვლაპარაკობდით. როცა თავისუფალი ვიყავით და შესვენების დროს ერთმანეთს სულ ქართულად ველაპარაკებოდით. ბაბუაჩემი სულ მელაპარაკებოდა – როცა შეგიძლია, აუცილებლად ჩადი საქართველოშიო. ბაბუას მირზა ერქვა.
— მომიყევით რა, ბაბუაზე…
— ბაბუა ახლა გარდაცვლილია. ბავშვობიდან სულ მეუბნებოდა – მიდი საქართველოში, ახლოდან ნახეო. ეს არის შენი ნამდვილი სამშობლო, შენი ქვეყანააო. მერე, თუ შეგიძლია, იქ დარჩი და ცხოვრება იქ გააგრძელეო. ამას მარტო მე არ მეუბნებოდა, ყველა შვილიშვილს. ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ პაპას შვილიშვილებიდან აქ მარტო მე ვარ. ისინი ცდილობენ, ოღონდ ჯერჯერობით ვერ მოახერხეს, მაგრამ წელიწადში ორჯერ ჩამოდიან ხოლმე. მე ბედნიერი ვარ, რომ სამშობლოში ვცხოვრობ…
— ერეკლე, თანამედროვე ქართული საქართველოში ისწავლეთ?
— როცა აქ ჩამოვედი, ქართული ენა ვისწავლე, მე ვამბობ თანამედროვე ქართულ ენაზე. მანამდე ახალი ქართული და გრამატიკა ანდრიას უნივერსიტეტში ცხრა თვე ვისწავლე. ჩვენ მანამდე ძველებური ქართული ვიცოდით, კარგად რომ დამაკვირდეთ, გაიგებთ, რომ აქცენტი მაქვს, იმიტომ რომ ძველ ქართულად ვლაპარაკობდი. კარგი გაკვეთილები იყო, იმ დროს რომ ვსწავლობდი, თანაც ვმუშაობდი.
— ვიცი, რომ ირანიდან ჩამოგყავთ ტურისტები, რას უყვებით მათ საქართველოზე და თქვენს ცხოვრებაზე?
— დიახ, ვმუშაობ ტურისტულ კომპანიაში და ირანიდან ჩამომყავს ტურისტები. ისინი რომ ჩამოდიან, ძალიან გაკვირვებულები არიან – ორ ენაზე ასე კარგად როგორ ლაპარაკობო? მერე მე ჩემ ისტორიას ვუყვები, როგორ იყო ჩვენი ამბავი, რომ აქედან ჩაგვიყვანეს ირანში, ფერეიდანში, სადაც დავსახლდით. ვუყვები, რომ მე ქართველების მეექვსე თაობა ვარ, რომ ახლა აქ ვცხოვრობ და ქართულად ვლაპარაკობ. ზოგმა იცის, რომ ირანში არის ფერეიდუნშაჰი, სადაც ქართულად ლაპარაკობენ, და იციან, რომ იქ წარწერები ყველგან ქართულადაა. გაკვირვებულები ამბობენ, როცა ირანიდან სხვადასხვა ქვეყანაში გადიან, მაგალითად, გერმანიაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში, მათი ბავშვები სპარსულად საერთოდ ვერ ლაპარაკობენ. ჩვენ კი გვეუბნებიან: ყოჩაღ, რომ ქართული იცითო.
— პაპას არ ჰქონდა საქართველო ნანახი?
— პაპა მეუბნებოდა, მე არ მინახავს საქართველო, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ლამაზიაო. იქ ხალხიც და ბუნებაც ძალიან ლამაზია და კარგი ცხოვრება არისო. ჩვენთვის ყველაფერი კარგად იქნება, თუ მოახერხებ და საქართველოში იცხოვრებო. იქნება რთული იყოს და რაღაც პრობლემებიც, მაგრამ იცოდეთ, რომ იქ არის ჩვენი ქვეყანაო. “დაამთავრეთ აქ ცხოვრება და საქართველოში გააგრძელეთო“ – ზუსტად ასე მეუბნებოდა.
— თქვენს ნათესავებსაც უნდათ აქ ჩამოსვლა?
— ერთი და მყავს და ერთი ძმა. კი, უნდათ, აპირებენ და გეგმები აქვთ. როცა მოახერხებენ, ჩამოვლენ. ჩემ გეგმებში მომავალში სწავლა შედის და ვნახოთ, რა იქნება. ჯერ არ ვიცი, რაზე ვისწავლი. კომპიუტერები მაინტერესებს. ოჯახი ჯერ არ მყავს…
— ალბათ ქართველ ცოლს ეძებთ?..
— რა თქმა უნდა, ქართველ ცოლს ვეძებ, აბა?!
— ცოტა რთული პერიოდია საქართველოში და მინდა გკითხო, ქართველებმა ცოტა იმედი ხომ არ გაგიცრუეთ?
— არა, რატომ? დღეს ცხოვრება ყველგან არის რთული და საქართველოშიც, გავუძლებთ, ოღონდ ჩემ ქვეყანაში ვიყოთ და…