თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, იუწყება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
სოფელ ხახაბოს ტყეში ხანძარი პარასკევს საღამოს გაჩნდა. ახალი კერა გაჩნდა იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ხანძარი სექტემბრის დასაწყისში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მაშინ 10 ჰექტარი ტყე დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ძლიერი ქარის მიუხედავად, რომელმაც ჩაქრობის პროცესი გაართულა, ხანძრის არეალი არ გაზრდილა, რადგან მეხანძრეები ცეცხლს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ.
ადგილზე მუშაობას აგრძელებენ მეხანძრეები, რეინჯერები და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები — სულ 150 ადამიანია მობილიზებული.
საგანგებო სიტუაციების სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ხანძრის ჩაქრობის პროცესში ავიაციის ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს.