თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველო-ინდოეთის ბიზნეს ფორუმი თბილისში 25 სექტემბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით სასტუმრო ლაერტონში გაიხსნება, იტყობინება სავაჭრო სამრეწველო პალატა თავის Facebook-გვერდზე.
ბიზნეს-ფორუმზე დასასწრებად და ქართულ კომპანიებთან ორმხრივი შეხევდრების გასამართად საქართველოში 20-მდე ინდური კომპანია ჩამოდის.
ინდოეთის ბიზნეს დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: ლუდსახარში ტექნოლოგიები, ფარმაცია, ბოთლის დამამზადებელი მანქანები, ბუნერბივი წყლის გადამუშავება, ენერგოსექტორი, ტექნოლოგიები, მშენებლობა, მედია, უძრავი ქონება, ლოჯისტიკა.
ფორუმს ინდოეთის რესპებლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და სომხეთის რესპუბლიკაში იოგენდრა სანგვანი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი გახსნიან.
ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართება პრეზენტაციები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, ფორუმის მეორე ნაწილში კი შედგება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები.
საქართველო-ინდოეთს შორის ეკონომიკური ურთიერთოიბები სულ უფრო ღრმავდება. მიმდინარე წლის აპრილში ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ "ღია ცის" შეთანხმება გააფორმეს. საქართველო-ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. ასევე საქართველომ და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობის თაობაზე კვლევის დაწყების შესახებ საერთო განცხადებას მოაწერეს ხელი.
საქართველოსა დ ინდოეთს შორის 2016 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტის წილია 22,2 მილიონი აშშ დოლარი, იმპორტის კი — დაახლოებით 77,4 მილიონი აშშ დოლარი.
საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ბოლო პერიოდში ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში მნიშვნელოვნად ვითარდება. ბოლო დროის განმავლობაში ქვეყნები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მოლაპარაკებებს აწარმოებენ.