,,საქართველო ჩემი სამშობლოა“ - ქეთი მელუა დღეს იუბილარია

© AP Photo / Gero Breloerქეთი მელუა
ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთი მელუას მთელ მსოფლიოში უსმენენ. მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელთა შორის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორეც გახლავთ.

ქეთი მელუა 1984 წლის 16 სექტემბერს ქუთაისში დაიბადა. ადრეული ბავშვობა მშობლებთან, ძმასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად თბილისში გაატარა, მოგვიანებით კი ბათუმში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა.  1993 წელს ქეთის მამამ მოწვევა მიიღო ჩრდილოეთ ირლანდიის, ქალაქ ბელფასტის  ერთ-ერთი კარდიოლოგიური კლინიკიდან და ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ირლანდიაში გაემგზავრა. 1998 წელს კი მელუები ირლანდიიდან ინგლისში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ქეთიმ კათოლიკური სკოლა და დომინიკური კოლეჯი დაამთავრა.

13 წლის ქეთი არც კი ფიქრობდა მომღერლობაზე, ის ისტორიკოსობასა და პოლიტიკოსობაზე ოცნებობდა, რათა მსოფლიოში მშვიდობა დაემყარებინა.,,მე ვფიქრობ, რომ პატიოსნად მოვახერხებდი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას, თუ მისი მმართველი ვიქნებოდი,” — ამბობს მელუა.

თუმცა, მისი მომავალი ძირეულად 2000 წელს შეიცვალა, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში STARS UP THEIR NOSE, რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა MAD FOR IT!. კონკურსზე ქეთიმ შეასრულა BADFINGER-ის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით WITHOUT YOU და გაიმარჯვა. ამ გამარჯვებამ ქეთის მომავალი გადაწყვიტა.

ქეთიმ სწავლა ბრიტანეთის ხელოვანთა სასწავლებელში გააგრძელა და სწავლის პერიოდშივე დაიწყო სიმღერების წერა.  სწორედ ამ სასწავლებელში შეხვდა იგი თავის მომავალ მენეჯერსა და პროდიუსერს, მუსიკოს მაიკ ბეტს. ბეტის წყალობით, მელუა ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალია ბრიტანეთში.,,ქეთი მელუა — ყველაზე ფანტასტიკური აღმოჩენაა ჩემს ცხოვრებაში, მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ უნიკალურ პიროვნებას შევხვდებოდი, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, თავდაჯერებული და მის ასაკთან შედარებით, ბევრად განვითარებული, ის განუმეორებელია სცენაზე. და ბოლოს, მას ძალიან ლამაზი თვალები და მომნუსხველი მზერა აქვს", — განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში კომპოზიტორმა მაიკ ბეტმა.

 ქეთის  უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ გაუგრძელებია, თუმცა, უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი ხშირად გამოუხატავს. მისი სიტყვებით, თუ მომავალში უნივერსიტეტში სწავლის შანსი მიეცემა, იგი სასწავლო კურსში აირჩევდა ინგლისურ ლიტერატურას, ისტორიასა და ფიზიკას.

 2003 წლის ზაფხულში ქეთიმ პროდიუსერთან ერთად სადებიუტო ალბომისთვის მზადება დაიწყო. იმავე წლის ნოემბერში გამოვიდა ალბომი CALL OFF THE SEARCH, რომელიც 2004 წლის იანვრისთვის ბრიტანული ჰიტ-პარადების სათავეში იდგა და მწვერვალზე 6 კვირა დაჰყო.  თავდაპირველად, მსოფლიოს ცნობილმა ხმისჩამწერმა სტუდიებმა  ალბომის გამოცემაზე უარი განაცხადეს, ფინანსურ მოგებას არ მოგვიტანსო. მაიკ ბეტმა გარისკა, კრედიტით პატარა ლეიბლი,,დრამატიკი’’ შექმნა და დისკიც გამოუშვა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა —  გამოსვლიდან 5 თვის შემდეგ, უკვე გაყიდული იყო ალბომის 1.8 მილიონი ასლი და 2004 წელს მელუა აღიარეს ყველაზე გაყიდვად ქალ-შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. 19 წლის ქეთი ერთ-ერთ კონცერტზე გამოსვლის შემდეგ თვით ინგლისის დედოფალს წარუდგინეს, რომელმაც მომღერალს მიმართა: "მე მოვისმინე რადიოში თქვენი სიმღერა, ის ძალიან სასიამოვნოა".

 წარმატებული დებიუტის შემდეგ დაახლოებით ორ წელში გამოვიდა ქეთის მეორე ალბომი PEACE BY PEACE, რომელიც მაშინვე გაყიდვების ლიდერი გახდა — 3.5 მილიონი ასლი ევროპის მასშტაბით, მათ შორის, გაყიდვების რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, დანიასა და ისლანდიაში. ხმის ჩამწერი ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFPI) ქეთი მელუას ევროპაში ყველაზე წარმატებული ქალი-შემსრულებელი უწოდა.

2007 წლის ოქტომბერში გამოვიდა მელუას მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით PICTURES, რომელიც ქეთი მელუასა და მაიკ ბეტის უკანასკნელი ერთობლივი ნამუშევარია. ძალიან მალე ალბომმა ბრიტანეთში პლატინის ხარისხი მოიპოვა და 2007 წლის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად დისკად იქცა. გამოსვლიდან 8 თვეში ალბომის 1.5 მილიონი ასლი იყო გაყიდული.

 მანამდე კი მომღერლის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. 2006 წლის 2 ოქტომბერს, ქეთი მელუა შეიყვანეს,,გინესის რეკორდების წიგნში" ზღვის დონიდან ყველაზე ღრმად კონცერტის ჩატარებისთვის. მელუამ და მისმა მუსიკალურმა ბენდმა ჩრდილოეთის ზღვაში მდგარ გაზის ჭაბურღილზე, 303 მეტრით ზღვის ქვეშ მდებარე შახტაში არაჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარეს. 2007 წლის ივნისში კი გამოვიდა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით CONCERT UNDER THE SEA.

ამჟამად, ქეთი მელუა ცნობილია არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. მსოფლიოში გაყიდულია მისი 11 მილიონზე მეტი დისკი. მისი სიმღერები ბლუზისა და ჯაზის თანამედროვე სინთეზს წარმოადგენს, ხშირად მას ამერიკელ ვარსკვლავ ნორა ჯონსსაც ადარებენ. მის მიღწევებში შედის კონცერტი პირადად ნელსონ მანდელასთვის და საუზმე ბუკინგემის სასახლეში დედოფლის თანდასწრებით.

ქეთი მელუას მსოფლიო პოპულარობას ხაზს უსვამს ჰოლანდიელი თაყვანისმცემლების მიერ გაკეთებული საჩუქარი — ამსტერდამელმა სელექციონერებმა ქეთი მელუას სახელობის ტიტა გამოიყვანეს, რომელსაც TULIPA KATIE MELUA უწოდეს.

მსოფლიოში ცნობილ მდიდარ ბრიტანელ ადამიანებს შორის, ეროვნებით ქართველი მომღერალი ქეთი მელუა უკვე წლებია ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. 2014 წელს  გაზეთმა "სანდი თაიმსმა" გამოაქვეყნა ბრიტანეთისა და ირლანდიის მდიდარ ადამიანთა მეგზური – RICH LIST 2014. მასში გაერთიანებული სამეფოს ათასზე მეტი უმდიდრესი ადამიანის შესახებ შეიტყობთ. უმდიდრეს ადამიანებს შორის მომღერალი ქეთი მელუაც მოხვდა. იგი გაერთიანებული სამეფოს 30 წლამდე 50 უმდიდრეს ახალგაზრდას შორის დასახელდა, რომლის ქონება 12 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ქეთი მელუამ ცნობილ მოტომრბოლელ ჯეიმს ტაუზლენდზე დაიწერა ჯვარი. ქორწინების ცერემონიალი ჩატარდა სამეფო ბაღებში არსებული კონსერვატორიის ეზოში. ქორწილს 200 კაცი ესწრებოდა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ნიდერლანდების სამეფოს პრინცი, ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი უილიამ ორბიტი და კომპოზიტორი მაიკ ბეტი.

2005 წლის აპრილში ქეთი გერმანიას ეწვია, სადაც გადასცეს ECHO AWARD-ის ჯილდო ნომინაციაში —,,საუკეთესო ახალი მომღერალი”. 2006 წლის დასაწყისიც წარმატებული გამოდგა ქეთი მელუასთვის: მისი სახელი ფიგურირებდა — BRIT AWARDS-ის 2 ნომინაციაში, EDISON AWARDS-ით დაჯილდოვდა ჰოლანდიაში და აღიარებულ იქნა საუკეთესო უცხოელ შემსრულებლად.  მელუას ერთ-ერთი ბოლო წარმატებული სიმღერაა — NO FEAR OF HEIGHTS, რომელიც ამერიკულ ფილმში “ტურისტი” ჟღერს, სადაც მთავარ როლებს ანჯელინა ჯოლი და ჯონი დეპი ასრულებენ.

თბილისის  ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს პრეზიდენტმა ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა —  საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

ქეთი მელუას საქართველოში საქველმოქმედო კონცერტები აქვს ჩატარებული და იგი თავის სამშობლოდ საქართველოს თვლის: "საქართველო ჩემი სამშობლოა და მე აქ უნდა დავსაფლავდე!”

მასალა მოამზადა ხატია გიგოლაშვილმა

ყველა ახალი ამბავი
0