ნინი რაზმაძე
- ირაკლი, რატომ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ რობოტი, რომელიც დისტანციურად სხვადასხვა ოპერაციებს შეასრულებდა?
ირაკლი: ზოგჯერ ისე ხდება, რომ რაიმე რეკრეაციული თუ კრიტიკული ოპერაცია ვერ ტარდება, რადგან ერთი წერტილიდან მეორემდე გადაადგილება ფინანსურად არახელსაყრელი ან სიცოცხლისთვის საშიშია. ახლად შემუშავებულმა VR (ვირტუალური რეალობის სათვალეები) სათვალეებმა იდეა გაგვიჩინა, რომ ვირტუალური რეალობის მაგივრად, ადამიანს დისტანციური რეალობა განეცადა.
გიო: დაახლოებით ერთი წლის წინ აზრი დაგვებადა, რომ ეს პროექტი სათანადოდ გაგვევითარებინა და „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსზე გაგვეტანა.
- რა დრო დასჭირდა მის აწყობას?
ირაკლი: 2-3 თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ დღევანდელი პროტოტიპი მზად ყოფილიყო. ნაწილების გამოწერასაც დრო დასჭირდა, რადგან შეჯიბრისთვის ვემზადებოდით, ვეცადეთ ყველაფერი კარგად გაგვეკეთებინა.
- დამოუკიდებლად გაკეთეთ ყველაფერი?
გიო: არა, UG-limes (რობოტიკისა და ტექნიკის სკოლა) სკოლაში ვისწავლეთ ელექტრო-ინჟინერია და მცირე პროგრამირება, რაც საჭირო იყო იდეის განსახორციელებლად. გარდა ამისა, იქაური მასწავლებლები დაგვეხმარნენ რობოტის აწყობასა და ნაწილების მოწოდებაში — ამ პროექტის ტვინი, რასბერი პი (პროგრამირებადი მიკროკონტოლერი, რომელიც ასევე მცირე კომპიუტერადაც გამოიყენება, რედ.) ჩვენმა მასწავლებელმა გვირჩია, რადგან უკეთესი და უფრო ეფექტურია.
- რა მასალისგან ამზადებთ რობოტს?
გიო: პროექტი შეიცავს ორ დანადგარს — გადამცემს და მიმღებს. გადამცემი დამზადებული არის რაზბერი პის ბაზაზე, რომელიც აღჭურვილია სხვადასხვა სენსორებით და შეფუთული არის სათამაშო მანქანის კორპუსით, ხოლო მიმღები აპარატი შეიცავს VR ტექნოლოგიებს და მობილურ მოწყობილობას. პროექტისთვის საჭირო მასალებით მომარაგებაში გვეხმარებოდა UG-limes-ის სკოლა.
- ეხლა რა ეტაპზეა თქვენი პროექტი?
ირაკლი: სამწუხაროდ, შეჩერებულია. ახლა მზად არის მხოლოდ ერთი თვალისა და კისრის ანალოგიური ხელსაწყო. საჭირო იყო რაღაც დონის დაფინანსება და გადავწყვიტეთ ტექნოპარკში გაგვეგრძელებინა პროექტი. თუმცა, დროში ძალზე შეზღუდულები ვიყავით, რის გამოც ამ პროექტზე მუშაობა ჯერჯერობით შევაჩერეთ.
რა ფუნქციები ექნება რობოტს — როგორც ვიცი, მას ხანძრის ჩაქრობა და ოპერაცების შესრულებაც კი შეეძლება დისტანციურად…
ირაკლი: წარმოიდგინეთ მარიონეტი, რომლის მავთულები თქვენ დამაგრებული გაქვთ ზუსტად იქ, სადაც მას. ეს მავთულები კი უჩინარია და ათასობით კილომეტრი სიგრძის შეიძლება იყოს. ამ მარიონეტს აქვს თვალები, რომლითაც თქვენ მის მოძრაობებს ხედავთ და ასევე შესაძლებელია თავად მართოთ ის. გარდა ამისა, მას შეუძლია მოგცეთ ინფორმაცია ტემპერატურაზე, შეხებაზე ან ხმაზე. დაგვიანება მინიმალურია, რადგან ვიყენებთ ინტერნეტის გადაცემის სისტემას. შეცდომა კი თითქმის არარსებულია, რადგან სისტემა თვითპროგრამირებად რობოტებთან შედარებით ძალზე მარტივია (რობოტი მარტო ერთ რიცხვს ეძებს სისტემაში, ერთ შესაბამის „სახსართან“). გარდა ამისა, სისტემის მოქნილობით შეიძლება მასზე ნებისმიერი ნაწილის დამაგრება და შენაცვლება, მაგალითად: ჰიდრავლიკური სახსრები, სამაშველო აღჭურვილობა, მუხლუხოები, რომლებიც თქვენს შესაბამისად იმოძრავებენ.
- რით იქნება თქვენი რობოტები ბაზარზე არსებული რობოტებისგან განსხვავებული?
გიო: ზოგადად, რობოტი ავტომატურად ასრულებს სხვადასხვა დავალებებს. ჩვენი ხელსაწყო კი ერთ მილიმეტრს არ გაინძრევა თუ თქვენ არ მოისურვებთ. მას არ სჭირდება სპეციალური სწავლება, რადგან თუ თქვენ იცით როგორ უნდა გადაჭრათ პრობლემა რეალობაში, რობოტიც ანალოგიურად მოიქცევა — თუ ანერვიულდებით და კანკალს დაიწყებთ, რობოტიც ასე მოიქცევა.
- რობოტისთვის ახალი ფუნქციების დამატებას აპირებთ?
ირაკლი: ჯერჯერობით, პროტოტიპზე მარტო კისერი და თვალია დამაგრებული, ხელიც მზად გვქონდა, მაგრამ პროგრამის გადაწერა და მისი ინტეგრირება ვერ მოვასწარით კონკურსისთვის. როგორც უკვე ვთქვი, გარკვეული პრობლემების გამო ვერ ვაგრძელებთ მუშაობას.
- თქვენს მიერ შექმნილი რობოტი დისტანციურად როგორ იმუშავებს?
გიო: იმუშავებს როგორც თქვენი ტელეფონი. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, დღევანდელი პროტოტიპი იყენებს Wi-Fi მოდულს და მისი ინფორმაციის გადატანა იმ სიხშირით მოხდება, რამდენად სწრაფი ინტერნეტი იქნება მოცემულ სიტუაციაში (დაგვიანება უფრო მინიმალური ხდება). თეორიულად, არახელსაყრელ პირობებში, შეიძლება რადიო-ტალღების მოდულითაც შევცვალოთ, თუმცა, ახლანდელი ხერხი უფრო ადვილია გამოსაყენებლად.
- რობოტი დაახლოებით რა ეღირება?
გიო: ღირებულება დამოკიდებულია შესასრულებელი დავალების სირთულეზე. საბაზო ფასი რამდენიმე ათასიდან (რეკრეაციული აქტივობებისთვის), შესაძლოა, მილიონ დოლარამდე გაიზარდოს. მისი მთავარი ნაწილი სახსრული ძრავებია, რაც მისი კუნთები იქნება. ჩვენ მიერ გამოყენებული ძრავა კისერს ან პატარა კიდურს თუ დაატრიალებს (სიზუსტე არცერთ ვერსიაში არ იკარგება), კრიტიკულ სიტუაციაში კი ადამიანის მსგავსი ძალა და გამძლეობა უნდა ჰქონდეს, რაც ელექტრონული ნაწილებით ძნელი, მაგრამ შესაძლებელია.
- როგორც ვიცი კონკურსებშიც მონაწილეობდით…
ირაკლი: ეს იყო „ლეონარდო და ვინჩის“ ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსი, რომელზეც გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ, თუმცა, პრიზები გადმოგვცეს.
- თქვენი სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ…
ირაკლი: თუ დაფინანსება ვერ მოვიპოვეთ, მაშინ ეს უბრალო ჰობი იქნება. მე და გიოს ძალიან გვინდა, რომ ერთ დღეს Remote reality ჩვენი ახდენილი ოცნება და რეალობა გახდეს.