თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ყაზბეგის რაიონში შაბათს, 16 სექტემბერს ექსტრემალური გუნდური შეჯიბრება გაიმართება.
ესტაფეტის ყველა სახეობაში (ბაიდარით 7 კმ-იანი დაშვება მდინარე თერგზე, 30 მეტრის სიმაღლეზე კლდეზე ცოცვა, სამთო ველორბოლა 10 კმ-იან დისტანციაზე, სირბილი 7 კმ-იან დისტანციაზე) შესაბამისი სამსახური სპორტსმენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
წელს შეჯიბრების საპრიზო ფონდი სამ საპრიზო ადგილს ითვალისწინებს: პირველი ადგილი — 3 000 ლარი, მეორე ადგილი — 2 000 ლარი, მესამე ადგილი —1 000 ლარი.
თითოეული დისციპლინის ინდივიდუალური გამარჯვებული 500 ლარს მიიღებს.
Red Bull GerGetIt — შეჯიბრი-ესტაფეტაა, რომელიც საქართველოში მესამედ ტარდება. ის ექსტრემალური სპორტის ოთხ დისციპლინას მოიცავს: თითოეულ გუნდში შედის ნიჩბოსანი, კლდეზე მცოცავი, სამთო ველომრბოლელი და მორბენალი. მონაწილეები ამავე თანმიმდევრობით მომდევნო მონაწილეს გადასცემენ ესტაფეტას გარკვეულ მარშრუტზე, რომელიც გერგეტის მთის ფერდობზე დასრულდება.
ეს არის საერთაშორისო პროექტის Red Bull Dolomitenmann-ის ქართული ანალოგი. ავსტრიულ ალპებში (დოლომიტის მთებში) მიმდინარე შეჯიბრებისგან განსხვავდება იმით, რომ ქართულ ვარიანტში დამატებულია კლდეზე ცოცვა. ავსტრიული შეჯიბრება ყოველწლიურად ტარდება და მთელ დასავლეთ ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.