თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. თუშეთში, ხახაბოს მთის ფერდობზე, ტყის მასივში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ხახაბოს ტყის მასივში ხანძარი სექტემბრის დასაწყისშიც გაჩნდა, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, 10 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა.
ცეცხლის ახალი კერა ნახანძრალი ტერიტორიასთან ახლოს გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რეინჯერები და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები. ხანძრის ჩაქრობას მთიანი რელიეფი უშლის ხელს.
2017 წლის ზაფხულში საქართველო ტყის ხანძრების სერიამ მოიცვა. აქედან განსაკუთრებით მასშტაბური იყო ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომლის დროსაც, წინასწარი ინფორმაციით, 100 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. ვითარებას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი.