თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართული დელეგაციის სათავეში ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება და ასამბლეაზე სიტყვით 21 სექტემბერს გამოვა, აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობას 18-22 სექტემბერს მიიღებს.. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს.
პრემიერი ასევე სიტყვით მიმართავს "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) მაღალი დონის ღონისძიების მონაწილეებს, რომელზეც საქართველო OGP-ს თავმჯდომარეობას ერთი წლით საფრანგეთისგან გადმოიბარებს.
"საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად გახდა 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. OGP-ის მაღალი დონის ღონისძიება გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართება", — ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესია ნიუ-იორკში, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში 12 სექტემბერს გაიხსნა. 19-25 სექტემბერს გაიმართება მაღალი დონის ზოგადპოლიტიკური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოს, მთავრობისა და საგარეო პოლიტიკური უწყებების მეთაურები. ამავე დროს, შტაბ-ბინაში გაიმართება თემატური სხდომები და რამდენიმე ასეული ორმხრივი შეხვედრა.
უახლოეს ორ კვირაში გაეროს ტრიბუნაზე სიტყვით გამოვა 193 ქვეყნის ლიდერი — ორგანიზაციის წევრები, ევროკავშირის, ასევე დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მქონე პალესტინისა და ვატიკანის წარმომადგენლები.
გენერალურ ასამბლეას გაეროში ცენტრალური ადგილი უკავია, არის მისი მთავარი სათათბირო, დირექტიული და წარმომადგენლობითი ორგანო.
ღია მმართველობა საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ოფიციალურად 2011 წლის 20 სექტემბერს დაფუძნდა. მისი მიზანია ღია სახელმწიფოს იდეალების განმტკიცება: სამოქალაქო კონტროლისთვის გამჭვირვალე ადმინისტრაციული პროფესიონალიზმის განვითარება. ამჟამად ორგანიზაცია 75 ქვეყანას აერთიანებს.