თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. 25 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკმა საქართველოში 4,3 მილიარდი დოლარის 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე მსოფლიო ბანკის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.
მსოფლიო ბანკის დელეგაცია, რომელსაც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, სირილ მიულერი ხელმძღვანელობს, თბილისს ეწვია და მონაწილეობს ფორუმში, რომელიც საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში მიმდინარეობს.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობისა და მეგობრობის 25 წლისთავს", — განაცხადა ქუმსიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან აფასებს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, როგორც ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარების, ასევე კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით.
„ჯამურად, ამ პერიოდის განმავლობაში, მსოფლიო ბანკმა 4,3 მლრდ-ზე მეტის ინვესტიცია გააკეთა ჩვენს ქვეყანაში, საიდანაც მიმდინარე პროექტები 1 მილიარდზე მეტია", — განაცხადა ქუმსიშვილმა.
ყველაზე ცნობილი პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოში ახორციელებს — ეს აროს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აღმოსავლეთ-დასავლეთი, რომლის მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეალიზებულია და კვლავ ხორციელდება უამრავი წარმატებული პროექტი, მათ შორის შიდასახელმწიფო და ადგილობრივი გზებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რემონტი.
მსოფლიო ბანკის დახმარებით აღდგენილია კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლები, ისტორიული რაიონები, მათკენ მიმავალი გზები და მიმდებარე ტერიტორია.
მსოფლიო ბანკმა მზადყოფნა გამოხატა ხანძრით განადგურებული ბორჯომის ხეობის ნაწილის აღდგენაში საქართველოს ფინანსური და ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს.