თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. მსოფლიო ბანკი მზადაა, გაუწიოს საქართველოს ფინანსური და ტექნიკური დახმარება ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენაში, განაცხადა ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.
ტემბონი პირადად ეწვია ბორჯომის ხეობას, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა, რომელიც საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს.
„ვფიქრობთ, თქვენი მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სწორად მართავდა ვითარებას და სწორი ნაბიჯებიც გადიდგა. მსოფლიო ბანკი მზადაა, გაუწიოს ფინანსური და ტექნიკური დახმარება საქართველოს. პირველ რიგში, საქართველოში ჩამოვა ტექნიკური მისია, რომელიც შეაფასებს ვითარებას. ჩვენ გვყავს ექსპერტები, რომლებიც სწორედ ამ საკითხებზე მუშაობენ საქართველოში და აქ ჩამოვა ჯგუფი, რომელიც ამ ექსპერტებისგან იქნება დაკომპლექტებული“, — განუცხადა ტემბონმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ: ბორჯომის უნიკალური ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენაში მონაწილეობას ასევე მიიღებს ორი მსხვილი ქართული ბანკი: „საქართველოს ბანკი“ და TBC, ასევე კომპანიები Coca-Cola Bottlers Georgia და „IDS ბორჯომი საქართველო“.