სააკაშვილი კიევში ჩასვლას მიქაელ მთავარანგელოზის ხსენების დღეს აპირებს

© REUTERS / Gleb Garanichმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლამდე უკრაინის რამდენიმე სხვა ქალაქში ჩასვლასა და მოსახლეობასთან გასაუბრებას აპირებს.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლას, სავარაუდოდ, 19 სექტემბერს გეგმავს.

მანამდე, მომავალ გეგმებზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ჩასვლას, გასაუბრებას მოსახლეობასთან და მათი პრობლემების დაფიქსირებას, რათა ამ ინფორმაციით შემდეგ კიევში გაემგზავროს. მან პირობა დადო, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ლეგალური შეცვლის მექანიზმს შექმნის. თავისი ტურნე სააკაშვილმა ჩერეპოვციდან დაიწყო, სადაც ლვოვიდან ოთხშაბათს გაემგზავრა.

"კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩავალ, შემდეგ კიევში გადავალთ. როგორც გავიგე, გზაში ვიღაცამ მითხრა, 19 სექტემბერს მიქაელ მთავარანგელოზის, კიევის მფარველის ხსენების დღეა. კიევი სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ! ყველა კიევში ჩავალთ და იქ ვიქნებით. და ეს იქნება დასაწყისი. მერე, რამდენიმე კვირაში ჩვენ ბევრად მეტი ვიქნებით და რაღაც დროის შემდეგ ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც გამშვებ პუნქტ "შეგენიზე" დამთავრდა. გაიხსნება გზა, მაგრამ ოლიგარქებისთვის იმ მხარეს, ხოლო უკრაინისთვის — წინ, წინ, გამარჯვებისკენ!" — განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მასმედია სააკაშვილს ეძებს

"გთავაზობთ, გავერთიანდეთ ხალხის გარშემო, გავერთიანდეთ საერთო მიზნებისთვის", — დასძინა სააკაშვილმა.

გასულ კვირას მომხრეების მხარდაჭერით სააკაშვილმა მესაზღვრეებისა და სამართალდამცველების კორდონის გარღვევა და პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა შეძლო. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის ოთხი საქმე, მათ შორის პირთა ჯგუფის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.

"უკრაინაში მხოლოდ მოქალაქეობისთვის არ ჩამოვსულვარ. დავბრუნდი, რათა თქვენთან ერთად გადავწყვიტო, როგორ გამოვიდეთ იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც ახლა ქვეყანაშია", — განაცხადა სააკაშვილმა.

სამშაბათს უკრაინელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს გადასცეს ოქმი უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ კანონი არ დაურღვევია. მან აღნიშნა, რომ უკვე მიმართა მიგრაციულ სამსახურს თავისი მოქალაქეობის შესახებ, ასე რომ, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უკრაინის ტერიტორიაზე კანონიერად იმყოფება.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი: სააკაშვილი ევრაზიული მასშტაბის ავანტიურისტია

ადვოკატის თქმით, სასამართლოს მიერ საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შესახებ ადმინისტრაციული ოქმის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება შეუძლიათ. უკრაინის კანონების მიხედვით, მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მიგრაციული სამსახურის მხრიდან ადამიანის ქვეყნიდან გაძევების ინიცირების საფუძველს წარმოადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, რომელმაც უკრაინას სააკაშვილის დაკავება და ექსტრადირება სთხოვა, ჯერ მოცდა მოუწევს. უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის დენის ჩერნიშოვის თქმით, უკრაინულ მხარეს შეუძლია არ მოახდინოს სააკაშვილის ექსტრადირება, სანამ ქართული მხარე მის საქმეზე განაჩენს არ გამოიტანს.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. მის მიმართ სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული და შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.

ყველა ახალი ამბავი
0