თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ქართველ კინორეჟისორ რეზო გიგინეიშვილს ტანსაცმლის ცნობილი მსოფლიო ბრენდის Hugo Boss-ისგან პრიზი „წლის Boss"-ი გადაეცა.
გიგინეიშვილმა აღნიშნული პრიზი ჟურნალ GQ-ს რუსული ვერსიის პრემიების გადაცემის ფარგლებში მიიღო. ის იყო ნომინირებული „წლის რეჟისორის" პრემიაზე, თუმცა ჯილდო ანდრეი ზვიაგინცევს ერგო. გიგინეიშვილის კონკურენტები ასევე იყვნენ რეჟისორები ფიოდორ ბონდარჩუკი, პაველ ბარდინი და ანდრეი კონჩალოვსკი.
წელს „წლის ადამიანი" გახდა შემსრულებელი ბასტა (ვასილი ვაკულენკო), „წლის მსახიობი" გახდა მიხაილ ეფრემოვი, რომელმაც ეგენი მირონოვს, პიოტრ ფიოდოროვს, ივან იანკოვსკისა და ალექსანდრ პეტროვს გაუსწრო.
ჟურნალის რუსული ვერსიის პრემიის გამარჯვებულთა სრული სიის ნახვა ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
ყოველთვიური ჟურნალი GQ (Gentlemen"s Quarterly) — გამოცემა მოდაზე და სტილზე, ბიზნესზე, სპორტზე, წარმატების ისტორიებზე, ჯანმრთელობაზე, მოგზაურობებზე, ავტომობილებზე, ტექნიკურ სიახლეებსა და სხვა.
ყოველწლიურად ჟურნალი GQ სხვადასხვა ნომინაციაში პრემიას გადასცემს. საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ჟურნალის მკითხველები გამოჩენილ პიროვნებებს ირჩევენ. კენჭისყრა GQ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ონ-ლაინ მიმდინარეობს.
კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი რეზო გიგინეიშვილი დაიბადა 1982 წლის 19 მარტს თბილისში, მუსიკოსის ირინა ციკორიძისა და ექიმ დავით გიგინეიშვილის ოჯახში. 1991 წელს ოჯახი გადავიდა მოსკოვში, 1997 წელს დაიწყო მუშაობა ტელევიზიაში.
2005 წელს დაამთავრა "ვგიკი" (მარლენ ხუციევის კურსი). იყო მეორე რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკის ფილმში "მეცხრე ასეული".
გიგინეიშვილის ყველაზე ცნობილი სარეჟისორო ნამუშევრებია — „სიცხე", „სიყვარული აქცენტით", „მამაკაცების გარეშე", „უკანასკნელი მაგიკიანებიდან", „საზღვრების გარეშე" და ბოლო ფილმი „მძევლები". ბრიტანულმა გამოცემა ScreenDaily-მ რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ახალ ფილმს „მძევლები" ვრცელი მიმოხილვა მიუძღვნა და მას არტჰაუს–კინოს ამომავალი ვარსკვლავი უწოდა.