თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. პროფკავშირების XIII ყრილობის დელეგატებმა 139 ხმით გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის პოსტზე ისევ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს, იუწყება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
სულ კენჭისყრაში საქართველოს სხვადასხვა პროფკავშირიდან 203 დელეგატი მონაწილეობდა. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის პოსტზე ასევე კენჭს იყრიდნენ ენერგეტიკოსების პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი და ხელოვნების მოღვაწეთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი. თუმცა კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე დავით ოქიტაშვილმა კანდიდატურა მოხსნა.
„პროფკავშირებმა ტესტი ჩააბარა, რომ ის არის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება. მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, პროფკავშირების წევრებმა გაუძლეს გაუსაძლისს და დააფასეს ის შრომა და ღვაწლი, რაც ჩემმა ოჯახმა და აღზრდამ მომცა. ამ ხალხმა ჩემს მშობლებს უთხრეს, რომ ნაგავი არ გაუზრდიათ, არამედ გაზარდეს კაცი", — განაცხადა პეტრიაშვილმა გამარჯვების შემდეგ.
დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ არჩევმები უსამართლოდ ჩატარდა.
„მე ვთქვი თავში, რომ ირაკლი პეტრიაშვილი ამ ბრძოლას მოიგებდა, იმიტომ, რომ საკანონმდებლო ბაზა, რაც არის პროფკავშირების, არის მასზე მორგებული. თქვენ ნახეთ, აქ არის მისი მთელი სანათესაო, მეუღლე, სიძე, ბიძაშვილები, მამიდაშვილები. მე ბრძოლას არ ვაჩერებ, მე ვიბრძოლებ ბოლომდე და აი ამ კომედიაში, ცირკში მონაწილეობის მიღება ნამდვილად არ მინდოდა", — განუცხადა ჟურნალისტებს ოქიტაშვილმა.
ყრილობის დაწყებამდე გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის პოსტზე სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობდა. პეტრიაშვილმა ხელისუფლებას დააბრალა, რომ ის ოქიტაშვილის დახმარებით პროფკავშირების აქტიურობის შესუსტებას ცდილობს. თავად ოქიტაშვილმა ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ხელისუფლების მითითებებით არ მოქმედებს.
გაერთიანებული პროფკავშირები 1998 წელს შეიქმნა. მათი მიზანია შრომის პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნა და გენდერული თანასწორობის დაცვა.
პეტრიაშვილი ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე მეოთხედ აირჩიეს, უფლებამოსილების ვადა ოთხ წელს შეადგენს.