თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ ბირკაძემ ევროპის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI 2017) ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ღონისძიება ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 7-13 სექტემბერს ჩატარდა. ოლიმპიადაში ასევე მონაწილეობდა №199 სკოლის ორი მოსწავლე — თეიმურაზ თოლორაია, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა, და გიორგი კობახია, რომელსაც ბრინჯაო ერგო. კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა იოანე კაპანაძემ — დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მე-9 კლასის მოსწავლემ.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებს 15 წლამდე ასაკის მოსწავლეები შეადგენდნენ. ოლიმპიადაზე მიღებული შედეგების მიხედვით, საქართველო უძლიერესი მონაწილე-ქვეყნების სამეულში მოხვდა. პირველი ადგილი რუსეთის ნაკრებმა დაიკავა.
ოლიმიადაზე ქართველ მოსწავლეებს მათი მწვრთნელები — გიორგი მანდარია და ზაზა გამეზარდაშვილი ახლდნენ.
ოლიმპიადაში 22 ქვეყნის უძლიერესი მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის რუსეთიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI 2017) — ინტელექტუალურ-შემოქმედებითი კონკურსია, რომელზეც მოსწავლეებმა ალგოროთმიზაციისა და პროგრამირების მეთოდში საკუთარი ცოდნა და უნარები უნდა გამოავლინონ.
მომდევნო წელს ახალგაზრდა პროგრამისტთა კონკურსი რუსეთის ქალაქ ყაზანში ჩატარდება.