ვარძიის თამარ მეფის ფრესკას პირვანდელ სახეს უბრუნებენ

გამოწერა
თამარის ფრესკა ვარძიის კომპლექსში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის ოქტომბერში გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თამარ მეფის ფრესკას ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელიც 2016 წლის 31 ოქტომბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანდა, პირვანდელ იერს დაუბრუნებენ, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძარი სასანთლე მაგიდის აალების შემდეგ გაჩნდა, რის შედეგადაც ტაძრის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა. საკონსერვაციო და აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვნენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

სარესტავრაციო სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფის ცხრათვიანი მუშაობის შედეგად ტაძარში თამარ მეფის ფრესკამ ხანძრამდელი მდგომარეობა თითქმის აღიდგინა.

ხანძრის შემდეგ დაზიანებული ფრესკების აღდგენა ლონდონის კურტოს ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად, მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა.

"თავიდანვე ადგილზე აღიწერა და შეფასდა ფრესკები. გაკეთდა სხვადასხვა სახის ტესტები, ერთობლივად შემუშავდა სარესტავრაციო მეთოდოლოგია და დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები", — აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ვარძია ახალციხიდან 60 კმ-ში მდებარეობს, მაგრამ ოდესღაც იგი ცენტრი და ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალი იყო. - Sputnik საქართველო
ვარძიის უძველესი სამონასტრო კომპლექსი

პროცესის დასრულების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო რესტავრატორთა ჯგუფისგან პრევენციული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციებს მიიღებს, რაც უახლოეს მომავალში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ინტერიერში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ჰაერის გამწმენდის, ტენიანობის და ტემპერატურის დარეგულირებისა და სპეციალური განათების სისტემის მოწყობას გულისხმობს.

რესტავრაციის ბოლო ეტაპს, რომელიც დაზიანებული კედლის მხატვრობის კომპიუტერული ანალიზისა და მიკროსკოპული კვლევების საფუძველზე ჭვარტლის ნაწილაკებისგან გასუფთავებას ითვალისწინებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად სამშენებლო დეველოპერული კომპანია "მონოლით–ჯგუფი" აფინანსებს.

XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი მიწისძვრებისა და თავდასხმების შედეგად დაზიანებულია, იგი დღემდე აოცებს დამთვალიერებელს. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სადაც შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახული არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები.

ყველა ახალი ამბავი
0