საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა — XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი. კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ისტორიულ ჯავახეთში, ახალციხესთან ახლოს მდებარეობს.
თავის დროზე ვარძიის მონასტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი მიწისძვრებისა და თავდასხმების შედეგად დაზიანებულია, იგი დღემდე აოცებს დამთვალიერებელს. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები.
ეკლესიის კამარა, საკურთხეველი და იატაკი გამოკვეთილია კლდეში, ხოლო სამხრეთის, ჩრდილოეთის და ნაწილობრივ დასავლეთის კედლები ამოყვანილია ქვიტკირით.
არქეოლოგები ვარძიის სამონასტრო კომპლექსისადმი ინტერესს ამ დრომდე არ კარგავენ, 2015 წელს ვარძიაში ორი ახალი იარუსი და იქ განთავსებული 10 ახალი ქვაბული აღმოაჩინეს.