თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა სამბისტებმა თბილისში გამართულ არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ექვსი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ათი ბრინჯაოს მედალი მიიღეს.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ გენადი ჩირგაძე (-57 კგ), თორნიკე ჭოველიძე (-62), მინდია ლილუაშვილი (-68), ზაურ გაგნიძე (-82), თორნიკე ჯუღელი (-90) და დავით ლორიაშვილი (-100).
საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდნენ რუსი სამბისტები. მათ მიიღეს ორი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი.
მესამე ადგილზე ბელარუსი სამბისტები არიან.
ტურნირში მონაწილეობდა 12 ქვეყნის დაახლოებით 200 სამბისტი. ეს ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, ყაზახეთი, თურქეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და კვიპროსი.
არჩილ ჩოხელი იყო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში, ევროპის ჩემპიონი, კონტინენტის პირველობის არაერთგზის პრიზიორი, სამბოს მამაკაცთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ის ხუთი წლის წინ ლოპოტას ხეობაში ბოევიკების გაუვნებლობის სპეცოპერაციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.